„ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“_ ასე ჰქვია ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, The Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელი მნიშვნელოვანი წელია საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებისთვის.
ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 2019 წლის პროტესტების შემდეგ არჩევნები სავარაუდოს ხმაურით ჩაივლის.
საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა, ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, საქართველოსთვის ბიძგის მიცემა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნის თვალსაზრისით,_ ეს ის 5 პრიორიტეტია, რასაც ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ანგარიშში ასახელებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამერიკისთვის საქართველო საოცრად მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ საქართველომ დაამტიცა, რომ საიმედო მოკავშირეა ავღანეთსა და ერაყში. წლების განმავლობაში ორივე მისიის მხარდაჭერის ფარგლებში, ათასობით ქართველი მებრძოლი გაგზავნა.
კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მდებარეობას ევროპისა და აზიის გასაყარზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე გადის ნავთობისა და გაზის საკვანძო მილსადენები, სარკინიგზო მარშრუტები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამ მილსადენთა რიცხვშია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსას ნავთობსადენები, ასევე სამხრეთის გაზის სატრანზიტო დერეფანი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ყველაზე მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს ტერიტორიაზე.
როგორც ანგარიშში წერია, რეგიონში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, საქართველო მისაბაძი მაგალითია ევრაზიის რეგიონში. თითქმის 20 წლის განმავლობაში საქართველო ადასტურებს ერთგულებას ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიმართ და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას.