გურიაში, შუაგული შემოდგომის პირობებში, ადგილობრივ მცხოვრებთა საკარმიდამოდან ძირითადი შემოსავალი, რომლის ბაზარზე გატანაა შესაძლებელი, კაკლოვანები _ თხილი, წაბლი და ნიგოზია.
ადრე დილიდანვე, სოფლების ავტობუსებიდან ჩამოაქვთ წაბლი, კაკალი, თხილის კლიენტები ხშირად ოჯახებშიც აკითხავენ მათ, ვისაც კარგი ხარისხის თხილი აქვს.
დღეს, დილიდან, კვლავ სტაბილურია ხარისხიანი თხილის ფასი. ერთი კილოგრამის ფასი, სახეობის განურჩევლად, _ 7,50 ლარიდან 8 ლარამდეა.
კვლავ დაიკლო წაბლის ფასმა _ ერთი კილოგრამი 1 ლარი ღირს. ხოლო ერთი კილოგრამი კაკლის ფასი ძალიან ცოტა, 50 თეთრია.
_შარშანდელი ნიგოზი თუ მოიტანეს, კი იყიდება ერთი კილოგრამი ერთ ლარად. წლევანდელი კი, 50 თეთრი ღირს. ვის უნდა ნიგოზი? ძირითადად ყიდულობდნენ რესტორნების მფლობელები, საკვები ობიექტების წარმომადგენლები. ქორწილი არაა და „კამპანია“. კორონიამ დახურა ყველაფერი. დაჯექი შინ, გატეხე და გააკეთე ბაჟე-წვენი – არსებულ რეალობას კვლავ დამახსიათებელი ოხუნჯობით გადმოსცემენ გურულები.
ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ კაკლოვანთა ფასებს შორის ასეთი კონტრასტის გამო.
_ასეთი განსხვავებული ფასები არასდროს ყოფილა. თხილი ყველაზე მეტი ღირდა სულ, თუმცა კაკალს და წაბლსაც მშვენიერ ფასში ვაბარებდით. ყოველ შემთხვევაში, ერთი კილოგრამის ფასი 2 ლარზე ნაკლები არ იყო. ახლა? რაა ეს? 50 თეთრად და ერთ ლარად არ მოხიკავს ადამიანი არც ნიგოზს და არც წაბლს – ხელს არ დაისვრის და არ დაიჩხვლიტავს. მეტი შემოსავალი ახლა, რომ ჩააბარო და პურის ფული იშოვო, რაა სოფელში? _ ამბობენ უკმაყოფილო ადგილობრივები.
კაკლოვანთა შემსყიდველები კი ფასების ასეთ სხვაობას კაკლოვანთა შორის ასე ხსნიან:
_წაბლი ძირითადად აზერბაიჯანში გაჰქონდათ. ახლა ომია. ნიგოზი უმეტესად ქორწილებისა და სხვადასხვა სუფრებისთვის სჭირდებოდათ, რაც ახლა, პანდემიის გამო, შეზღუდულია. თხილს რაც შეეხება, მისი დაფასოება ადგილზე ხდება, თან წაბლივით მალფუჭებადი არაა, შენახვა შეიძლება. ამიტომაც არის ფასები ასე განსხვავებული და უარესობისკენ ცვალებადი, _ ამბობენ ისინი.