დღეს, დილიდან, ოზურგეთში ერთი კილოგრამის თხილის ფასი 3ლარი და 50 თეთრია. გუშინ, დილით, 3.30 ლარი იყო, შუადღისას _ 3.40 ლარი.
როგორც აქ ამბობენ, საღი თხილის ფასი, შესაძლოა, ყოველდღე გაიზარდოს. ძირითადად, ფასის ზრდის მიზეზი თხილის ხარისხია, რომელიც ამ სეზონზე ბევრად უკეთესია, ვიდრე შარშან. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ წელს მოსავალიც ნაკლებია, მსხმოიარობა გაზაფხულზე კარგად შეიმჩნეოდა, თუმცა ხანგრძლივმა ცხელმა ამინდმა მოხალა და ნაყოფი ჩამოყარა.
_ თხილს უფრო მაღალი ფასიც უნდა ჰქონდეს, თუმცა, ბოლო წლების მდგომარეობით თუ მივუდგებით, როცა კულტურას სიდამპლის დაავადება კატასტროფულად დაემუქრა და ამავე დროს, ჯერ ნაყოფი ნედლია, აღნიშნული ფასი ურიგო არ არის და ყველასთვის მისაღებია, _ გვეუბნებიან ადგილობრივი მცხოვრებლები.