მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგის მიხედვით ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო რიგგარეშე სხდომაზე, 14-15 ივნისის სტიქიის თანხების განხილვა არ იგეგმება, სხდომის ძირითადი დრო სწორედ ამაზე მსჯელობას დაეთმო, თან საკმაოდ ხმაურიანადაც.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესო ტაბიძემ, რომელიც ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს საკრებულოში, ტრიბუნასთან მდგომ გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს, ლევან ჩხაიძეს უსაყვედურა სტიქიის თანხების გადანაწილების გამო და უკმაყოფილება გამოთქვა შესასრულებელი სამუშაოებთან დაკავშირებით:
“რომელი ერთი ჩამოვთვალო _ მეწყერმა ნიგვზიანში ხუთკილომეტრზე შემოიტანა გზა და ახლა14 ათასი ლარია გამოყოფილი მის მოსახრეშად. არ გვინდა, ბატონო, ეს მოხრეშვა _ მოვლენ დაყრიან ორ მანქანა ხრეშს და საქმეც ამით გათავდება, პრობლემა კი მოუგვარებელი რჩება. კატასტროფული მდგომარეობაა შაინიძეების უბანშიც, სადაც ხალხი საკუთარ სახლამდე ვერ ახერხებს მისვლას. ჩიქვეთისა და ბებეთის მოსახლეობა 60 მეტრის სიგრძეზე ბეტონის გზას ითხოვს, მაგრამ არ გამოინახა ამის საშუალება.
სოფელ ხაჯალიაში, რკინიგზის გადასასვლელზე “ვალინკისა” და “კალოშის” გარეშე ვერ გაივლი _ 100 მეტრი გზა ვერ მოვუწესრიგეთ ხალხს. ნიგვზიანის ცენტრში, რკინიგზის სადგურთან პირდაპირ ცენტრალურ მაგისტრალზე მოედინება მდინარე. ყველაფერი ეს ხომ ხელოვნურად გამოძერწილი პრობლემები არაა?! მეწყერმა არა ერთი ოჯახი დააზარალა, წაიღო ნარგავები, დახოცა საქონელი, მაინცდამაინც ადამიანი უნდა წაიღოს, ყურადღება რომ მივაქციოთ?! ყველა გაწვიმებაზე ინგრევა სოფელი, _ ამბობდა ტაბიძე, რომელიც არ ეთანხმებოდა მის სოფელში გზის მოხრეშვას და საამისოდ განკუთვნილი თანხის სხვა კუთხით მოხმარებას ითხოვდა, _ არ მინდა ეს მოხრეშვა. ოთხი სოფელი შედის ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში და გამოდის თითო სოფელში თითო კენჭი უნდა ჩავაგდო. დაიწყონ ხაჯალიიდან და მოხრეშვის ნაცვლად 100 მეტრზე დააგონ ბეტონის გზა”, _ ცხარობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
მისივე თქმით, ნინოშვილსა და არჩეულს შორის დამაკავშირებელი გზაც დროულ რეაბილიტაციას საჭიროებს:
“ნინოშვილსა და არჩეულს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, სადაც გასულ წელს ექვსი მანქანა ხრეში დაიყარა, ჩანგრეულია და შეკეთებას საჭიროებს. რა გახდა ამ გზის გაკეთება ასეთი თუ სოფელი უნდა მოწყდეს გარე სამყაროს?!” _ კითხვას სვამს ნიგვზიანის მაჟორიტარი, რომლის პათოსს სხვა სოფლის მაჟორიტარებიც იზიარებენ.
“მარტო ნიგვზიანი რომ იყოს ასეთ დღეში, რა გვიჭირს. უამრავი პრობლემა შექმნა 14-15 ივნისს მომხდარმა სტიქიამ სოფლებში, მაგრამ სარეაბილიტაციო ობიექტების შერჩევა მოხდა იმის მიხედვით, რასაც მოცემული თანხა გაწვდებოდა. ჩემი თხოვნაა, იქნებ, ცვლილების შეტანა მოხდეს და არსებულ თანხაში სხვა რამ გაკეთდეს”, _ ამბობს აცანის მაჟორიტარი დეპუტატი ემზარ თედორაძე.
აკეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მორჩილაძე უკმაყოფილო დარჩა, რომ მის სოფელს სტიქიის თანხიდან მთლიანობაში მხოლოდ 16 ათასი ლარი ერგო.
დეპუტატ გიორგი ჩახვაძის თქმით, სტიქიის თანხების ჩამონათვალში ვერ მოხვდა სოფლის ეკლესიის ტერიტორია, რომელიც ძლიერმა წვიმამ დააზიანა: “ერთი სალოცავი გვაქვს ჩიბათში, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდა მთელი სოფელი და ახლა წყალს მიაქვს. სამჯერ დავურეკე პირადად რწმუნებულს მაშინ და ვთხოვე, ჩაესვა სიაში, თუმცა, ახლა აღმოვაჩინე, რომ არ არის გათვალისწინებული. რატომ?” _ კითხულობს ჩახვაძე.
სტიქიის თანხების განაწილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა შუხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა აკაკი იმნაიშვილმაც:
“მეც უკმაყოფილო ვარ _ არც ერთი ის ობიექტი არა მოხვდა ჩამონათვალში, სადაც სტიქიამ სერიოზული პრობლემები შექმნა, ამიტომ, რომ არ იყოს ასეთი გაუგებრობები, ჩვენც უნდა ჩაგვაყენოს გამგეობის სამსახურმა საქმის კურსში”, _ გამოსავალს სთავაზობს იმნაიშვილი ჩხაიძეს.
დეპუტატების მხრიდან წამოყენებული ბრალდებების საპასუხოდ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე ამბობს, რომ ყველა პროექტი იმის შესაბამისად გაკეთდა, რაც სოფლის რწმუნებულებმა წარმოადგინეს გამგეობაში:
“რაც წარმოადგინეს გამგებლის წარმომადგენლებმა, იმის შესაბამისად გაკეთდა პროექტებიც, ჩაიწერა ის პრობლემები, რაც 14-15 ივნისის სტიქიისას წარმოიშვა, 27-ში მომხდარს იქ ხომ ვერ ჩავწერდი?! სიმართლე თუ გინდათ, არავის არაფერი ჰქონდა გაკეთებული _ ჩვენ თვითონ ჩავედით ყველა სოფელში”, _ ამბობს ჩხაიძე.
მუნიციპალიტეტის პირველი პირი ზაზა ურუშაძის თქმით, პირადად გააკონტროლა სამინისტროში მონაცემთა გადაგზავნა და ვინც რა წარმოადგინა, ყველაფერი შეტანილია პროექტში:
“სულ მილიონი 10 ათასი ლარია გამოყოფილი სტიქიაზე. რაც გადმოცემული იყო, სამინისტროსთან შეთანხმებით, ყველა შეტანილია, ყველაფერი ჟურნალშია გატარებული და ვისაც არ ჯერა, ნახოს. რომ ყოფილიყო მეტი მოთხოვნა, მეტს მივაწვდიდით სამინისტროს და მეტი თანხაც წამოვიდოდა. ერთადერთი _ აკეთში სახლი ვერ შევიტანეთ, რადგან ეს საკითხი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეხება. მე პირადად შეხვდი სამინისტროს წარმომადგენელს და ვესაუბრე ამის თაობაზე. სანამ თანხა არ ჩამოვა, ეს ოჯახი ქირავნობის პროგრამით ისარგებლებს.
სტიქიის დღეს თავად ვიყავი რამდენიმე სოფელში, ცენტრშიც გავჩერდი. დიდი ბოდიში, მაგრამ არც დეპუტატი დამინახავს სადმე და არც რწმუნებული, თავად მივედი და მოვინახულე დაზიანებული ობიექტები.
და კიდევ, ვინც რა მონაცემი გადმოსცა, ყველაფერი გადავაგზავნეთ, თავად გავაკონტროლე. რაც შეგვეძლო თანხა მაქსიმალურად ზემოთ ავწიეთ.
გასაგებია, ერთი კი არა, ათი მილიონი ლარი რომ გამოყო, არ იქნება საკმარისი, მაგრამ ეს არის მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლებოდა ამ ეტაპზე მიგვეღო, ყველა სოფელში რაღაც კეთდება. თქვე კაი ხალხო, ვაცალოთ _ კიდევ რამე იქნება!” – მიმართა ურუშაძემ უკმაყოფილო დეპუტატებს.
როგორც გაირკვა, 14-15 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების, ხიდების, არხებისა და გაბიონების რეაბილიტაციისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მილიონ ლარზე მეტი გამოყო, რომელიც სოფლების მიხედვით გადანაწილდა.
სოფელ შუხუთს სტიქიის თანხიდან 40 163 ლარი ერგო, აქედან ზემო შუხუთში, 10 მეტრის სიგრძეზე 7 025 ლარად გაბიონი მოეწყობა. ასევე, გაბიონი გაკეთდება შუხუთი-ლაშისღელის დამაკავშირებელ ხიდთან, რისთვისაც 13 509 ლარი გამოყოფილი. ზემო შუხუთში წყალგამტარი არხისა და ცხაურის მოწყობას მოხმარდება 4 553 ლარი, ხოლო ქვემო შუხუთში, ფირცხალაიშვილების უბანში 15 076 ლარად ხიდი მოეწყობა, სანიაღვრე არხი ამოიწმინდება და გზა მოიხრეშება.
ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სტიქიის მიერ მიყენებულმა ზარალმა 29 807 ლარი შეადგინა. აქედან, 27 099 ლარი დაბლა ყელაში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას მოხმარდება, 2 708 ლარად კი მაღლა ყელაში არხი მოეწყობა.
ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის თანხიდან 61 529 ლარის ღირებულების პროექტები გახორციელდება. ამ თანხიდან სოფელ ჩანჩენთში ოთხ ადგილას იგეგმება გაბიონების მოწყობა და ჯამში საამისოდ 34 128 ლარია გათვალისწინებული. 9 067 ლარით სოფელ ხაჯალიაში 1 200 მეტრი სიგრძეზე არხები გაიწმინდება. 2 927 ლარად ჩანჩეთში სანიაღვრე არხი მოეწყობა, 1 257 ლარით კი ექვსი მეტრის სიგრძეზე ლითონის მილხიდი გაკეთდება. სოფლის შიდა გზების მოსახრეშად სტიქიის თანხიდან 13 131 ლარი გაიხარჯება.
რაც შეეხება აკეთის ადმინისტრაციას, აქ სტიქიის თანხიდან 17 151 ლარად ორი ობიექტი გაკეთდება. 8 294 ლარით სოფელ გაგურში, სკოლის მიმდებარედ 50 მეტრის სიგრძეზე რკინა-ბეტონის გზა მოეწყობა. ასევე, 8 857 ლარი აკეთში დაზიანებული გზების აღდგენას მოხმარდება.
ქალაქს 14-15 ივნისს მომხდარი სტიქიის თანხიდან 74 322 ლარი ერგო. 48 698 ლარად სამ ადგილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება. 19 176 ლარად კი ლაშისღელე-შუხუთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. დარჩენილი თანხით სამ ობიექტზე სანიაღვრე არხებია მოსაწყობი.
რაც შეეხება გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულს აქ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო თანხიდან 53 956 ლარად სოფელ ჯუნეწერში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობაა გათვალისწინებული.
მთლიანობაში ნიგოითს 234 670 ლარი ერგო. აქედან 47 420 ლარის ფარგლებში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე გაიხარჯება ექვს ობიექტზე. ყველაზე მეტი თანხა _ 176 901 ლარი ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისთვისაა განკუთვნილი. დარჩენილი 10 349 ლარით კი სოფელ ჩოლობარგში დაზიანებული ხიდის აღდგენისთვის გაიხარჯება.
დაზიანებული ხიდის აღდგენას მოხმარდება 4 320 ლარი მამათშიც, ასევე, 2 502 ლარია გათვალისწინებული სოფელ ქვედა მამათში რკინა-ბეტონის არხისა და ცხაურის მოსაწყობად. სტიქიის შედეგად დაზიანებული სოფლის შიდა გზების შესაკეთებლად 9 929 ლარია გამიზნული, ხოლო 46 461 ლარად ასევე დაზიანებულ გზებზე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა. .
სუფსის ადმინისტრაციაში რკინა-ბეტონის გზის საფარის გასაკეთებლად 22 231 ლარი გაიხარჯება.
ჯურუყვეთის ადმინისტრაციაში სხვადასხვა ადგილებში დაზიანებული ცხაურებისა და სოფლის შიდა გზების რეაბილიტაციას 19 706 ლარი მოხმარდება. 12 332 ლარის ფარგლებში სოფელ ბაღლეფში გაბიონი გაკეთდება. ჯურუყვეთის ცენტრში კი სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოებისთვის 11 302 ლარია გათვალისწინებული.
აცანაში, ჯამში, სტიქიის შედეგად ხუთი ობიექტი ჩაითვალა დაზიანებულად და საამისოდ 65 659 ლარია გამოყოფილი.
ლესას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო თანხიდან 57 056 ლარი გამოეყო, რაც ოთხი ობიექტის რეაბილიტაციას მოხმარდება.
ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიით დაზიანებულ გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოსაწყობად 51 596 ლარია გათვალისწინებული. ასევე, რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა სოფელ წყალწმინდის სასაფლაოსთან, რისთვისაც 28 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. 4 688 ლარი კი რკინა-ბეტონის არხისა და ცხაურის მოწყობას მოხმარდება ღრმაღელეში, ხოლო 2 906 ლარი წყალსაწრეტი არხის გასაკეთებლად გაიხარჯება.
ჩიბათის ადმინისტრაციაში სამ ადგილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება და საამისოდ კი სულ 41 299 ლარია განკუთვნილი.
ჩოჩხათში, სადაც მდინარემ მოსახლეობის ნაკვეთები დააზიანა ყორე-ქვის დამცავი გაბიონი გაკეთდება ორ ადგილზე, რისთვისაც 40 720 ლარია გამიზნული.
მაჩხვარეთში, სოფელ ჯუნმერეში გაბიონის გაკეთებას 2 854 ლარი მოხმარდება, ჯუნჯუათში 2 397 ლარად ხიდის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება, ხოლო ჯუნმერეში 1 971 ლარი რკინა-ბეტონის მილ-ხიდის გაკეთებას მოხმარდება.