იაპონიის ქალაქ ნაგოიაში სუმოისტთა საზაფხულო ბაშოზე მორიგი დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ზედიზედ 5 მოგების წყალობით, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ნაგოიას ბაშოზე სანუკვარ მიზანს – დადებით ბალანსს – მიუახლოვდა. ჩვენებურმა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა და ახლა 7-4 ბალანსი აქვს.
თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) კი ისევ გავარდება ელიტური დივიზიონიდან, მან მერვე მარცხი ოკინოუმისთან დაპირისპირებაში იწვნია.
გუშინ რუსულ სპორტულ მასმედიაში ამ ქვეყნის პრემიერლიგის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა. სასიამოვნოა რომ გამორჩეულ მოთამაშეებს შორის მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვირკველიაც მოხვდა. საბამ ტულას „არსენალთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა და გარჯაც დაუფასდა.
კვირკველია თავდაპირველად “ლოკომოტივის” ფანებმა ამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს, შემდეგ კი საბა “სპორტ-ექსპრესმაც” გამოარჩია – I ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
აზერბაიჯანული სპორტული მასმედიის მტკიცებით, ბაქოს “ნეფთჩისა” და საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი კარიერას რუსული პრემიერლიგის კლუბ “სკა ხაბაროვსკში” გააგრძელებს.
მცველმა უკვე მიმართა “ნეფთჩის” ხელმძღვანელობას ამის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ქართველს “ნეფთჩისთან” კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე აკავშირებს. ნავალოვსკი ხაბაროვსკულ კლუბში 2013-14 და 2016 წლებში ასპარეზობდა.
ყაზახური “ქაირათის” მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე “უხამსი ჟესტებისთვის” 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის საკონტროლო-სადისციპლინო სხდომამ. მაყურებლის წინაშე პროვოკაციული ქმედებისთვის იგი 300 ათასი ტენგეთიც დააჯარიმეს. ინციდენტი “აკჟაიკისა” და “ქაირათის” მატჩის დროს მოხდა. 87-ე წუთზე სტუმართა ქართველმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს უხამსი ჟესტები აჩვენა.
გუშინ ცნობილი გახდა რომ ჩილის ეროვნული გუნდისა და ლონდონის „არსენალის“ მოთამაშე ალექსის სანჩესი გუნდს არ გამოიცვლის და მომდევნო სეზონში ლონდონური კლუბის მაისურით იასპარეზებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გააკეთა. ადრე გავრცელებული ცნობებით სამხრეთ ამერიკელს მიუნჰენის „ბაიერნი“ იწვევდა.
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ამჟამინდელ გუნდთან გაუმჯობესებული ახალი ხელშეკრულება გააფორმა. იტალიელი სპეციალისტის ხელშეკრულება 2019 წლამდე იქნება მოქმედი. კონტეს წლიური ანაზღაურება 11 მილიონი ევრო იქნება.
მიუნხენის “ბაიერნს” მომავალი სეზონიდან ახალი კაპიტანი ეყოლება – მანუელ ნოიერი. ამის შესახებ საფეხბურთო საზოგადოებას კარლ-ჰაინც რუმენიგემ ოფიციალურად აუწყა. მანუელ ნოიერი “ბაიერნის” ღირსებას 2011 წლიდან მოყოლებული იცავს. აქამდე “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი გახლდათ, რომელმაც კარიერა დაასრულა.