ზაფხულის დადგომასთან ერთად ქვეწარმავლებიც აქტიურდებიან და მათ როგორც სოფლად, ასევე ქალაქად ხვდება მოსახლეობა. არსებობს როგორც შხამიანი ასევე უშხამო გველები. ხშირია გველების მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევებიც.
რამდენად სახიფათოა ადამიანისთვის მისი ნაკბენი, როგორ უნდა აღმოვუჩინოთ მას პირველადი დახმარება _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი, ევროპის კლინიკურ ტოქსიკოლოგთა და ტოქსიკოლოგიის ცენტრების ასოციაციის ნამდვილი წევრი, თეიმურაზ კობიძე ესაუბრა.
როგორც ის ამბობს, მოსახლეობაში საქართველოში არსებულ გველებთან დაკავშირებით, ხშირად მცდარი ინფორმაციაა გავრცელებული.
„გველის ნაკბენის დიაგნოზით საქართველოს სტაციონარებში ყოველწლიურად საშუალოდ 30-40 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. კავკასიაში გავრცელებული გველებიდან შხამიანია 4 სახეობა: გიურზა, კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა და ველის გველგესლა. შხამის სიმძლავრის მიხედვით ყველაზე შხამიანია გიურზა, შემდეგ კი კავკასიური გველგესლა. გიურზა ქვემო ქართლის და იორის ზეგანში, თბილის მიდამოებიდან კი ბოტანიკური ბაღის მიდამოებშია გავრცელებული. მოსახლეობაში გავრცელებულია მითი, რომ დასავლეთ საქართველოში ადამიანები დაკბინა გიურზამ ან კობრამ. ეს არ არის მართალი. დასავლეთ საქართველოში გიურზა არ არის გავრცელებული,ხოლო კობრა საქართველოში საერთოდ არ არის გავრცელებული.
დასავლეთ საქართველოში შემდეგი შხამიანი გველებია გავრცელებული
კოლხეთის დაბლობის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, აჭარაში -ბათუმის მიმდებარე ტერიტორიასა და ფოთში გვხვდება კავკასიური გველგესლა, მთაში კი ველის გველგესლა. უშხამო გველებიდან გავრცელებულია წყლის ანკარა, ჩვეულებრივი ანკარა და რამდენიმე სახის მცურავი“,_ამბობს პროფესორი კობიძე.
ექსპერტი ტოქსიკოლოგიის საკითხებში, აღნიშნავს, რომ გველის ნაკბენი 25-50 წლის ასაკის ადამიანებში ხშირია, ვიდრე ბავშვებში.
„20-50 წლის ასაკის ადამიანებს უფრო ხშირად კბენს გველი, ვიდრე ბავშვებს. ე.ი. ყველაზე მობილურ ასაკში -57%, ბავშვებში კი 30%-ია. როგორც წესი, გველები ადამიანებს თავს არ ესხმიან. ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით, მათ აქვთ რამოდენიმე ათეული სანტიმეტრის დიამეტრის მქონე ე.წ. „ თავისი სივრცე.“ და ამ სივრცეში ადამიანის შეჭრას ათიღქვავენ როგორც თავდასხმას. ან როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს, შემთხვევით ხელს მოკიდებს ბალახში, თივაში, ბუჩქებში. პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალი ჩექმა, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახებში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან. შხამი გამომუშავდება და ინახება სპეციალურ ალევეოლარულ-მილაკოვან ჯირკვლებში, ისინი სიდიდით ზოგჯერ გველის სხეულის ½-ს აღწევენ. კბენის დროს შხამი გამოდის ჯირკვლების სადინარებიდან და კბილების არხებიდან. კბილები 1-1.5 სმ სიგრძისაა. შხამიანი კბილები მოძრავია. გველის დახურულ პირში კბილები ჰორიზონტალურადაა, პირის გაღების და კბენის დროს კი ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადიან. გველის შხამი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებების რთული კომპლექსია. შხამი ძირითადად ლიმფური გზით ვრცელდება. ზოგჯერ შესაძლებელია სისხლის ნაკადისა და ნერვული ბოჭკოების გზითაც გავრცელდეს. ორგანიზმიდან შხამი გამოდის კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის, თირკმელებისა და სარძევე ჯირკვლების საშუალებით. საქართველოში გავრცელებული გველების შხამი ჰემოვაზოტოქსიური მოქმედებისაა-სისხლს აზიანებს“,_ამბობს პროფესორი კობიძე.
ის აღნიშნავს, რომ გველის ნაკბენი განსაკუთრებით სახიფათოა კისრის, სახის, თავის თმიან ადგილებზე, ვანის ან ვარიკოზული გაგანიერების ადგილების კბენის შედეგად დაზიანებას კი სიკვდილის სწრაფად გამოწვევა შეუძლია.
„გველის შხამით მოწამვლისას სიმპტომების გამოვლენა ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ყველაზე საშიშია გველის კბენა კისრის, სახის, თავის თმიან ადგილებზე. რაც უფრო მაღალია გარემოს ტემპერატურა მით უფრო სწრაფად ვითარდება ინტოქსიკაცია და უფრო მძლავრად არის გამოხატული სიმპტომები. ასპიტებისა და ჩხრიალა გველების კბენის ადგილას იმწამსვე ვითარდება ძლიერი ტკივილი. რამდენიმე წუთის შემდეგ ტკივილი აუტანელი ხდება. კბენიდან რამდენიმე წუთში ვითარდება მთელი კიდურის ჰემორაგიული შეშუპება. ხშირად შეშუპება სხეულზეც გადადის. კიდურისა და სხეულის კანი მოლურჯო ან რუხ ფერს ღებულობს. კბენის ადგილზე ვითარდება ქსოვილების ნეკროზი და დენეკროზებული უბნები, წარმოიქმნება ბუშტუკები და სერიოზული ან სისხლიანი შიგთავსით და ჰემორაგიები. ეს ნელნელა ვრცელდება მთელ კიდურზე და სხეულზე და თან ახლავს ლიმფამგოიტის და ლიმფადენიტის გავრცელება.
თუ კბენით დაზიანდა ვენის ან ვარიკოზული გაგანიერების ადგილი და შხამი დიდი რაოდენობით მოხვდა პირდაპირ სისხლში, ზოგადი მოვლენები ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ადამიანი ადგილობრივი მოვლენების განვითარებამდე კვდება.
მოწამვლის ზოგადი მოვლენებია ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, ზოგჯერ ჭარბობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების სიმპტომები.àვითარდება გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ცხელება, შემდეგ კი შემცივნება, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, ქოშინი, ციანოზი, პირის სიმშრალე და სიმწარის შეგრძნება, იშვიათად ქუთუთოების პტოზი, მხედველობის შესუსტება ან სიბრმავე, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, თვალების „ჭრა“. თანდათან ვითარდება კოლაპტოიდური მდგომარეობა, სუნთქვის დათრგუნვა, გულის უკმარისობა, რასაც მძიმე შემთხვევებში სიკვდილი მოსდევს“,_ამბობს პროფესორი კობიძე.
როგორც ტოქსიკოლოგი აღნიშნავს, მოსახლეობაში და ასევე სამედიცინო წრეებში გველის კბენის შემდეგ პირველადი დახმარების აღმოჩენის მცდარი მოსაზრებებია გავრცელებული.
„არ უნდა გაკეთდეს კანის გრძელი „ლამპასისებური“ განაკვეთები, არ უნდა გააკეთოთ ჯვარედინი, ცირკულარული განაკვეთი ანუ ნაკბენი ადგილი არ ამოჭრათ! არ უნდა ამოწოვოთ ჭრილობიდან შხამი პირით, რადგან ამ შემთხვევაში შხამის მხოლოდ 20-30% ამოდის და საფრთხე ექმნება იმ ადამიანს, ვინც ამას აკეთებს. არ უნდა დაადოთ ლახტი. არ უნდა მისცეთ ავადმყოფს დასალევად ალკოჰოლი, კონიაკი, არაყი, სპირტი. არ უნდა შეიყვანოთ ნაკბენის ირგვლივ კალიუმის პერმანგანატის ხსნარი. არ უნდა დავშანთოთ ნაკბენი ცხელი რკინით “შხამის დაშლის მიზნით“,_ამბობს პროფესორი კობიძე.
ის ასევე რჩევას აძლევს მოსახლეობას, თუ როგორ უნდა დაეხმარნონ დაშავებულს საველე პირობებში:
„დააწვინეთ ავადმყოფი და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.
ნაკბენი წყლით ჩამობანეთ.
ნაკბენის ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, ისე რომ შეიქმნას ნაოჭი და კბილების კვალი ანუ ორი ნაჩხვლეტი მოხვდეს ნაოჭის ზედა ზედაპირზე.
ხელის მოძრაობით „გამოწველეთ“ კანი, ჭრილობა „პირს დააღებს“ და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევი სითხე-ლიმფა, მასთან ერთად კი შხამი.
ავადმყოფს დაუფიქსირეთ ნაკბენი კიდური ორი სახსრის დონეზე არტაშანით ან რაიმე სახელდახელო საშუალებით, მაგალითად, ხის ტოტით.
შეშუპების საზღვარი მონიშნეთ მელნით.
მიეცით დასალევად შეძლებისდაგვარად ბევრი სითხე-წყალი.
თუ გაქვთ, გაუკეთეთ შრატი.
ავადმყოფი დააწვინეთ საკაცეზე ან მსგავს სახელდახელო მოწყობილობაზე და რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ საავადმყოფოში ან დარეკეთ 112-ზე და შეძლებისდაგვარად ზუსტად გადაეცით თქვენი ადგილმდებარეობა.
არ გათიშოთ ტელეფონი პირველმა, ოპერატორს შეიძლება კიდევ ჰქონდეს შეკითხვა, გარდა ამისა, თუ ტელეფონს არ გათიშავთ, შესაძლებელი იქნება თქვენი ადგილმდებარეობის დადგენა“.
ტოქსიკოლოგიის ექსპერტი ასევე ამბობს, რომ მოსახლეობას გველის ნაკბენის საწინააღმდეგო შრატთან დაკავშირებით გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს.
„შრატი არის გველის შხამის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულების კომპლექსი. მოსახლეობაში გავრცელებულია გადაჭარბებული წარმოდგენა შრატისა და მისი შესაძლებლობების მიმართ. შრატი არ არის „პანაცეა“, შრატი არ შეიძლება გაკეთდეს პროფილაქტიკური მიზნით, შრატი არ არის გველის შხამის ტოქსიური ეფექტის მკურნალობის მხოლოდ ერთადერთი საშუალება, შრატი არის შხამის ტოქსიური ეფექტის მკურნალობის კომპლექსის ერთ-ერთი კომპონენტი, შრატის საველე პირობებში გამოყენების შემდეგ აუცილებელია ავადმყოფის გადაყვანა საავამდმყოფოში,
სასწრაფო დახმარების ბრიგადები იწყებენ სასიცოცხლო პროცესების სტაბილიზაციას, ინტენსიური თერაპიის კომპლექსურ ღონისძიებებს და ა.შ. გველის შხამის საწინააღმდეგო შრატი არ აქვთ და შრატის გამოყენების მეთოდის სპეციფიკის გამო მიზანშეწონილია მათი გამოყენება მხოლოდ სტაციონალურ პირობებში“,_ამბობს პროფესორი კობიძე.