იმ ფონზე, როცა გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ინტენსიურად მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკის მეშვეობით და იწმინდება მუნიციპალური პლაჟი, ირკვევა, რომ მიმდებარედ ფიჭვნარი ნაგავსაყრელადაა ქცეული. საუბარია გრიგოლეთსა და წყალწმინდას შორის არსებულ ფიჭვნარზე, ყვავილნარის ტერიტორიაზე.
აღნიშნულის თაობაზე სოციალურ ქსელში სოფელ წყალწმინდის მკვიდრი ალიონა ბასკაკოვა წერს.
„მართლაც კარგი საქმეა, რომ იწმინდება სანაპირო, მაგრამ ყვავილნარის ნაძვნარში ნუ ყრით ნაგავს ტყეც გასასუფთავებელია.გაიტანეთ ნაგავი“, _ მოუწოდებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ბასკაკოვა.
მუნიციპალიტეტის განმარტებით კი, აღნიშნული ნაგავი დიდი ალბათობით, კერძო პირის მიერაა დაყრილი და ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურს, რომელიც მუნიციპალური პლაჟის დასუფთავებას ახორციელებს. მერიაში იმასაც დასძენენ, რომ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის დასუფთავებას და იქედან ნაგვის გატანას.