ტყიბულის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგული 4 მუშიდან ნაპოვნი ჯერჯერობით არცერთი არ არის. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ადგილობრივმა მეშახტემ განუცხდა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც კახა გოტიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მუშების გადავარდნა 400 მეტრის სიმაღლიდან ბაგირის გაწყვეტამ გამოიწვია, რაზეც ნახშირის ამოსაღები ტექნიკა იყო დამაგრებული.
გავრცელებული ინფორაციით, მუშების გადარჩენის შანსი მინიმალურია.
„ტროსის“ გამოცვლის დროს ჩაცვივდნენ ძალიან დიდი სიმაღლიდან. გამოუცდელი არცერთი არ იყო, რამდენიმეწლიანი სტაჟი აქვს თითოეულს. დეტალები ჯერჯერობით არ ვიცით. ნაპოვნი არავინაა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დაღუპულები არიან, მაგრამ ამას ვერ ვადასტურებ, როგორც გითხარით, ნაპოვნი არავინაა“, _ უთხრა „გურია ნიუსს“ გოტიაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულში სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები გაემგზავრნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს:
”რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში მოხდა უბედური შემთხვევა. ადგილზე სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით ტყიბულში დაუყონებლივ გაემგზავრნენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. დეტალები ზუსტდება და როგორც კი გვექნება ტყიბულიდან დამატებითი ინფორმაცია, დაუყონებლივ მოგაწვდით”, _ აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.