საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის მონაწილეობის წესი შეიცვალა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს. როგორც კომისიაში აცხადებენ, პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომელიც უკვე ძალაშია.
აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ნაცვლად ძველი რედაქციით გათვალისწინებული 25 000 ხელმოწერისა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა და მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მისაღებად, პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ივლისისა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ცვლილების თანახმად, მოქმედებს გამონაკლისი, რომლის შესაბამისად, პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის მხარდამჭერთა სიის ცესკოში წარდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდება: ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია; ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში პროპორციული სისტემით 15 000 ხმა მაინც მიიღო; აგრეთვე, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.
ამ დროისთვის მხარდამჭერთა ხელმოწერებს ექვსი პოლიტიკური გაერთიანება აგროვებს. ცესკომ ექვსივე პარტიას აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა.