საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომლის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო ადგილები შეიქმნება, აღნიშნულის შესახებ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა განაცხადა. გარდა ამისა, როგორც კახიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, სამინისტრო უახლოეს მომავალში პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს.
,,შემუშავდა და მზად არის პატარა ციხეების პროექტი, რაც სამართავად უფრო ეფექტური იქნება. ერთი და იმავე პროექტით დავიწყებთ მშენებლობას არა უმეტეს 500-კაციანი ციხეებისა, მაგრამ საინტერესოა, რა უნდა შევთავაზოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მოხვდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში და უწევს რამდენიმე წლით სასჯელის მოხდა? რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ, რომ ეს ადამიანები არ დაინტერესდნენ კრიმინალური სუბკულტურით და კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებმა არ მოახდინონ მათზე ზეგავლენა? ეს არის ბენეფიტი, რომელიც დაკავშირებული იქნება გათავისუფლებასთან. ჩვენ ძალიან მალე წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის შესაბამისად, ერთი მხრივ, ბიზნესს დავაინტერესებთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნან სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში შესაბამისი ფორმულის საფუძველზე გამოაკლდებათ საპატიმრო დღეები. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური ნაბიჯი და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ საქმიანობაში“, _ განაცხადა კახიშვილმა.