ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის მეორე მუხლის თანახმად, “ყველა ცხოველს აქვს უფლება, მოეპყრან პატივისცემით”, თუმცა, ქუჩებში უპატრონოდ მოხეტიალე ძაღლების რაოდენობა აშკარად საპირისპიროზე მეტყველებს. ამის ფონზე თავს დაუცველად გრძნობენ მოქალაქეებიც, რომლებიც ხშირად ხდებიან მიუსაფარი ძაღლების თავდასხმის ობიექტები. გამონაკლისი ამ მხრივ არც ლანჩხუთია, სადაც წლიდან წლამდე ასეთი ძაღლების პრობლემა აქტუალობას არ კარგავს.
ფაქტია, რომ ლანჩხუთში ე. წ. ქუჩის ძაღლების რაოდენობა გაზრდილია, გარდა ქალაქის ცენტრალური ნაწილისა, დაავადებული და დამშეული ძაღლების ხროვას დღე-ღამის ნებისმიერ დროს ქალაქის არა ერთ ქუჩაზე შეეჩეხებით, რაც ბევრ მოქალაქეს აწუხებს.
“გურია ნიუსი” ამ პრობლემით დაინტერესდა.
“ბავშვმა გადაწყვიტა საღამოს საათებში ველოსიპედით გაესეირნა ქალაქის სკვერში, სახლში დაფეთებული დაბრუნდა, რადგან ძაღლების ხროვა გამოედევნა. კიდევ კარგი, ამჯერად კბენა ვერ მოახერხეს. შარშან კი ვერ გადაურჩა მათ თავდასხმას _ ქალაქის ცენტრში დაკბინეს ქუჩის ძაღლებმა. გვეუბნებიან, აცრილია ეს ძაღლები და ცოფის საშიშროება არააო, მაგრამ არც დაკბენაა ადვილი ასატანი, მით უმეტეს, ბავშვისთვის. დღე-ღამის ნებისმიერ დროს დადის დაავადებული და დამშეული ძაღლების ხროვა ქუჩებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოებსაც ხშირად აფარებენ თავს. რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზეც ძალიან ბევრი ასეთი ძაღლია, თან “ბირკის” გარეშე.
არ გვინდა, რომ მოხეტიალე ძაღლებით სავსე იყოს ქალაქი და ქუჩაში შეშინებულები დავდიოდეთ. არც ამ ძაღლების დახოცვის მომხრეები ვართ, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს რაღაც გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რომ ცხოველის და ადამიანის უფლებებიც იყოს დაცული და შეშინებულები არ დავდიოდეთ ქუჩაში?! ეს პრობლემა მოსაგვარებელია და აუცილებლად უნდა მოგვარდეს”, _ ამბობს ე. პ. “გურია ნიუსთან” საუბრისას.
როგორც ირკვევა, გარდა ქუჩაში გამვლელებისა, არის შემთხვევები, როცა მიუსაფარი ძაღლები მოსახლეობის ეზოებს სტუმრობენ და შინაურ ფრინველს იპარავენ. გარდა ამისა, ქუჩაში უპატრონოდ მოხეტიალე ძაღლების საკითხი ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო და კვების ობიექტების მეპატრონეებისა და მათი კლიენტებისთვისაც პრობლემურია.
“სამსახურიდან შესვენებაზე გამოვედი, რომ რაღაც წასახემსებელი მეყიდა. სწრაფი კვების ობიექტიდან გამოსულს კი მოულოდნელად პარკი ძაღლმა წამგლიჯა. ყოფილა შემთხვევა, რომ დამშეული ძაღლი მაღაზიაში შესულა და პროდუქტი მოუპარავს”, _ გვიყვება ლ. ი.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემას “გურია ნიუსთან” საუბარში ადასტურებს “მედალფას” ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი რევაზ კვერენჩხილაძეც:
“ნამდვილად მრავლადაა ქუჩაში პატრონისგან მიტოვებული ძაღლი და ამ პრობლემას მანამ არ ეშველება, სანამ მოქალაქეების ცნობიერება არ ამაღლდება, რომ შინაური ცხოველი ქუჩაში არ უნდა გადმოაგდონ. სოფლებიდან ჩამოჰყავთ ძაღლები და ქალაქში ტოვებენ. გარდა ქალაქისა, ეს პრობლემა ტრასისპირა სოფლებშიც დგას. ერთადერთი საშველი ამ ეტაპზე ისაა, რომ ამ ძაღლებს აცრები უტარდებათ და ცოფით დაავადების შემთხვევა გამორიცხულია”, _ ამბობს რევაზ კვერენჩხილაძე.
მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით კი პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელმძღვანელობა შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს _ მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციით, ამ საქმეს ა(ა)იპ კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრი უძღვება და ამ ეტაპისთვის ბიუჯეტიდან პრობლემის მოსაგვარებლად 4 500 ლარია გამოყოფილი:
“ინდმეწარმესთან გაფორმებულია ხელშეკრულება და დროდადრო ხდება ამ ცხოველების გაყვანა”, _ გვპასუხობენ მერიაში.