ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი დიდ ჯიხაიშში, ,,ნიკოლაძის საზოგადოების“ წევრი, ფილოლოგი ლია ბიბილეიშვილი 65 წლის ასაკში 2020 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა. მან უკანასკნელი დღეები სამტრედიაში, კოვიდ საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში გაატარა.
„ლიას გულის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. ოპერაციის შემდეგ იღებდა საჭირო მედიკამენტებს და თავს კარგად გრძნობდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაეწყო ძლიერი წელის ტკივილი, ჰქონდა შემცივნების შეგრძნება და განიცდიდა ენერგიის ნაკლებობას, წამოდგომაც არ შეეძლო. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო, სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღეს მან გაიკეთა PCR ტესტი, _იხსენებს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ქალბატონი ლიას და, მედეა ბიბილეიშვილი.
„ჩემმა შვილმა გამოიძახა სასწრაფო, რომელიც ორ საათ-ნახევარის შემდეგ მოვიდა. სასწრაფომ გაუკეთა სწრაფი ტესტი და დაუდასტურდა კორონა. რადგან საავადმყოფოში ადგილები არ იყო, დროულად ვერ გადაიყვანეს. როცა გამოჩნდა სამტრედიის „ნიუ ჰოსპიტალში“ ადგილი, მხოლოდ მაშინ მოხერხდა გადაყვანა, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული იყო. ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს, ფილტვის ნაწილი უკვე დაზიანებული ჰქონდა. თავიდან მოათავსეს პალატაში. როგორც თვითონ მეუბნებოდა, სიცხის დამწევს არ ძლევდნენ. მიკვირდა, ნუთუ, სიცხის დამწევი არ ჰქონდათ საავადმყოფოში. მხოლოდ მესამე დღეს დააწვინეს რეანიმაციაში, სადაც ყურადღება არ აკლდა. დასჭირდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ვფიქრობ, ხომ არ იყო დაგვიანებული რეანიმაციაში გადაყვანა? თავიდანვე რეანიმაციაში რომ მოეთავსებინათ, იქნებ გახანგრძლივებოდა სიცოცხლე“, _ გვეუბნება მედეა ბიბილეიშვილი.
ლია ბიბილეიშვილი 2000 წლიდან ხელმძღვანელობდა სახლ-მუზეუმს. მისი მამა ვალერიან ბიბილეიშვილი, ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის დამაარსებელი ხანდაზმულობის გამო გადადგა თანამდებობიდან და თანამდებობა შვილს დაუთმო. უფრო ადრე 1953 წლიდან ლია ბიბილეიშვილის დედა თინა ჭილაძე იყო სახლ-მუზეუმის დირექტორი. მართალია, მის დირექტორად დანიშვნამდე 1951 წელს გაიხსნა მუზეუმი, სადაც იყო სულ ორი ოთახი და მხოლოდ ერთი ექსპონატი. ახლა მუზეუმში 1400-ზე მეტი ექსპონატია დაცული და სტაციონარული გამოფენაა მოწყობილი, რაც ლია ბიბილეიშვილის მშობლების დამსახურებაა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ორჯერ გაკეთდა რემონტი. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მუზეუმის ეზოში ნიკო ნიკოლაძის დარგულ ასწლოვან ხეებს. ლია ბიბილეიშვილმა გაყიდა დიდ ჯიხაიშში თავისი მშობლების სახლი, თანხის უმეტესი ნაწილი მოახმარა მუზეუმს და საცხოვრებლადაც სახლ-მუზეუმში გადავიდა. ის იმდენად იყო შეყვარებული თავის საქმეზე საკუთარ ხელფასსაც მუზეუმის განვითარებაში დებდა.
“ქალბატონმა ლიამ მთელი თავისი ცხოვრება ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის შენარჩუნებას მიუძღვნა. ის იყო სახლ-მუზეუმის მცველი, სწორედ ესეთი ადამიანები ინარჩუნებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ქალბატონი ლია ყველასაგან ითხოვდა მაქსიმალურად პასუხისმგებლობას. ვისაც ჰქონია მასთან შეხება ან ყოფილა სახლ-მუზეუმში, როდესაც ქალბატონი ლია შეითავსებდა ხოლმე გიდის ფუნქციებს, შეამჩნევდა მის ემოციურ დამოკიდებულებაზე ნიკოლაძეთა სახლის მიმართ. მისთვის დისციპლინის დარღვევა მიუღებელი იყო. ყოველთვის პირველ ადგილზე იყო ნიკო ნიკოლაძე და მისი საქმიანობა. ის ითხოვდა მაქსიმუმს საკუთარი თავისგან და თანამშრომლებისაგან. სხვა მხრივ ძალიან უბრალო და უპრეტენზიო ადამიანი იყო. მისი ცხოვრების აზრი, მთავარი სიყვარულია ნიკო ნიკოლაძე და მისი სახლ-მუზეუმი გახლდათ. სახლ-მუზეუმი მისთვის მეორე სახლი კი არა, პირველი სახლი იყო“, _ ასე ახასიათებს ლია ბიბილეიშვილს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ფონდების მცველი, გიორგი ფანცულაია.
ლია ბიბილეიშვილს მრავალი სტატია ჰქონდა დაწერილი ნიკო ნიკოლაძის მემკვიდრეობაზე, მის პუბლიცისტურ წერილებზე, ნიკოლაძის აზროვნებაზე. რამაზ ნამიჭეიშვილმა (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო საზოგადოება ”ნიკო ნიკოლაძის” პრეზიდენტი ) და ლია ბიბილეიშვილმა გადაწყვიტეს წიგნის სახით გამოეცათ თავიანთი ნაშრომი. წიგნი „უცნობი ნაცნობი“ მოგვითხრობს ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური აზროვნების ფენომენოლოგიაზე, ეკონომიკის რეფორმების მისეულ ინტერპრეტაციებზე. წიგნის გამოცემაში მონაწილეობა ,,ნიკო ნიკოლაძის“ საზოგადოებამ და „ნიკო ნიკოლაძის პრემიამ“ მიიღეს. ლია ბიბილეიშვილი იყო ღირსების მედლის მფლობელი _ 2020 წლის 28 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეზე დააჯილდოვა ლია ბიბილეიშვილი ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისა და ღირსეული სამსახურისათვის.
ლია ბიბილეიშვილი 2020 წლის 2 დეკემბერს დაკრძალეს დიდ ჯიხაიშში, საგვარეულო სასაფლაოზე.