ოზურგეთელი ახალგაზრდა გიორგი ცხომელიძე ორი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია. გიორგი სამი დღის წინ “გურული დღიურების“ სტიპენდიატი გახდა.
“დავიბადე ქ. ოზურგეთში, 2000 წლის 17 სექტემბერს. 2006 წელს შევედი ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში. 9 წლის ვიყავი, როდესაც ოზურგეთის სამხატვრო სკოლაში დავიწყე სწავლა. იქ ერთ-ერთმა ჩემმა ნახატმა გაიმარჯვა პოლონურ პროექტში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ კონკურსზე. არ ვიცი, მაგრამ, რატომღაც ხატვა არ აღმოჩნდა ის სფერო, სადაც საკუთარ თავს ვიპოვიდი, ამიტომაც დავანებე თავი. 12 წლის ვიყავი, როდესაც შევედი ოზურგეთის გრიგოლ კილაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში. მუსიკის პარალელურად გატაცებული ვიყავი მატარებლებით. გამიმართლა და 11 წლის ასაკში წავიყვანე პირველად მატარებელი და მომდევნო 5 წლის განმავლობაში დამყავდა“, _ მოგვითხრობს თავის შესახებ გიორგი ცხომელიძე.
როგორც გიორგი გვიყვება, თავიდან არ მუსიკა თავიდან მაინცა და მაინც არ ხიბლავდა.
„მუსიკას, რაც შეეხება, თავიდან არ მხიბლავდა მუსიკისადმი პროფესიული, სერიოზული დამოკიდებულება და თავის დანებებასაც ვფიქრობდი. მაგრამ, როდესაც მოვისმინე შოპენის ნაწარმოებთა რაღაც რაოდენობა, მივხვდი, რომ თურმე ძალიან მყვარებია და ამან მაიძულა გამეგრძელებინა… ოზურგეთში გამართულ ერთ-ერთ საანგარიშო კონცერტზე დაესწრო ბატონი თემურ სიმულიდი (დაიბადა ოზურგეთში. საბერძნეთში აქვს გახსნილი თავისი სკოლა). მან მირჩია, რომ თუ გაგრძელებას ვაპირებდი, გამეგრძელებინა ქალბატონ ნატალია ნაცვლიშვილთან. ამ ქალბატონმა მომისმინა. მოვეწონე და მიმიღო თავის კლასში… შარშან ჩავაბარე ერთდროულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (100%-იანი გრანტით) და ევგენი მიქელაძის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. ახლა ვემზადები რამდენიმე კონკურსისა და ფესტივალისთვის. აგრეთვე იგეგმება საკმაოდ ბევრი კონცერტი…
“გურია ნიუსი“ გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ცხომელიძესთან.
_ გიორგი, ვინ იყო შენი მუსიკის პირველი მასწავლებელი?
_ იზო სიხარულიძე. ნატალია ნაცვლიშვილი არის დღევანდელი ჩემი პედაგოგი. რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი. ოთხჯერ წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული აქვს მინიჭებული და ღირსების ორდენოსანია.
_ რატომ მიატოვე ხატვა და ვინ გირჩია პიანისტი გამხდარიყავი?
_ ხატვა არ იყო საჩემო საქმე. არ მქონდა იმდენი ინტერესი ხატვის მიმართ, არც სულს უხაროდა დიდად და მუსიკაზე ჩემი მოთხოვნით შემიყვანეს. სმენა ყოველთვის კარგი მქონდა. ფორტეპიანოზეც რაღაცები ვიცოდი, მაგრამ ნოტების გარეშე და ვიფიქრე, ბარემ ნოტებსაც ვისწავლი-მეთქი.
_ სკოლაში უფრო ბეჯითი იყავი თუ სამუსიკო სკოლაში.
_ სკოლაში თავიდან ბეჯითი არ ვიყავი, ვზარმაცობდი, მაგრამ ძალიან კარგი უნარი მქონდა, რომ ერთი მოსმენით დამემახსოვრებინა, ის რასაც მასწავლებელი გვიყვებოდა და რამდენიმე დღის შემდეგ მისი მონათხრობი მომეყოლა. მერე გავბეჯითდი. დაახლოებით, მეათე კლასში და ამან განაპირობა ის, რომ სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე.
_ ორ სასწავლებელში სწავლობ ერთდროულად… თავისუფალი დრო გაქვს? და თუ გაქვს, რას აკეთებ?
_ თავისუფალი დრო ძალიან ცოტაა და ძალიან რთულია ეს ჩემთვის. ფორტეპიანო მოითხოვს ტიტანურ შრომას. ყველა ადამიანს რაღაც აწუხებს, მაგრამ, როცა ინსტრუმენტთან ჯდები, ძალიან დიდ ვალდებულებას იღებ და გიხდება საკუთარი თავი გვერდით გადადო და მთლიანად მიეცე მუსიკას. დიდი შრომის მიუხედავად, თავისუფალი დრო მაინც მაქვს. ვცდილობ, ეს თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად გავატარო. არის შემთხვევა, როდესაც მე არ ვარ დაკავებული, მათ არ სცალიათ, ასეთ შემთხვევაში ვზივარ ინსტრუმენტთან და ვარჩევ რამე ისეთ ნაწარმოებს, რაც, უბრალოდ, მსიამოვნებს. მაგალითად, ჩაიკოვსკის წელიწადის დრონი ან შოპენის ნოქტიურნები, ან კიდევ რახმანინოვის რამე ენერგიული.
_ დავუბრუნდეთ ბავშვობას… ხატვა, მუსიკა და კიდევ მატარებელი… 11 წლის იყავი, რომ წაიყვანე მატარებელი… რადიკალურად განსხვავებული სფეროებია ხელოვნება და ტექნიკა. 11 წლის ბავშვისთვის არ იყო ძნელი?
_ სწორედ თერთმეტი წლის ბავშვისთვის არ არის ძნელი თუ აინტერესებს. ბავშვის ტვინი ყველაფერს ძალიან ჩქარა ითვისებს…
_ ვინ გეხმარებოდა მატარებლის მართვაში?
_ თავიდან მემანქანე მეხმარებოდა. მერე რამდენიმე თვეში უკვე დამოუკიდებლად ვაკეთებდი სამანევრო სამუშაოებს. მგონი, ორ წელიწადში სამტრედიაში წავიყვანე პირველად სამგზავრო მატარებელი, მერე _ სატვირთო.
_ საბოლოოდ, მაინც მუსიკა აირჩიე? როგორც ვიცი, ელისო ბოლქვაძის დიდი მოწონებაც დაიმსახურე…
_ შეხვედრა შედგა ჩოხატაურში. ქალბატონი ელისო და მიშელ სონი ბრძანდებოდნენ ჩამოსული. მე შევასრულე შოპენის რევოლუციური ეტიუდი, რომელიც საკმაოდ რთულია. მარცხენა ხელის ეტიუდია და საკმაოდ მოეწონა.
მუსიკა რომ არ ყოფილიყო, მე ის არ ვიქნებოდი, რაც ვარ… ამიტომაც მუსიკის არჩევის საშუალება არ მქონდა და არც მაქვს… ასე ვთქვათ, “განაჩენია”. მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტში მინდა, როგორც მაგისტრატურის ისე დოქტორანტურის გავლა.
_ დაგეგმილ გასტროლებზე რას გვეტყოდი?
_ გეგმებზე ასე საჯაროდ არ მიყვარს საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ იგეგმება სამი დიდი კონცერტი თბილისში. ერთი კონკურსი ბორჯომში და ერთი ფესტივალი თურქეთში.
_ რომელი მუსიკალური ნაწარმოების შესრულება გიყვარს ხშირად და რატომ?
_ კონკრეტულად ერთი დასახელება რთულია… თან დამოკიდებულია ხასიათზე… თუ ენერგიულად ვგრძნობ თავს, უფრო ხშირად შოპენის ეტიუდებს, ბეთჰოვენის სონატებს ან რახმანინოვის რამე ენერგიულს ვუკრავ… თუ სუსტად ვარ, რომანტიკოსების კანტილენებს ვამჯობინებ. რაც შეიძლება სევდიანს. თუ საშუალოდ ვარ, მაზურკები, ვალსები, რამდენიმე საშუალო სირთულის ეტიუდი. ამ ბოლოს, რატომღაც, რომანტიკოსების კანტილენების შესრულების ხასიათზე ვარ…
_ ნერონ ზაქარიაძის შვილიშვილი ხარ (ნერონ ზაქარიაძე იყო მახარაძის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე). ბაბუაზე რას გვეტყვი?
_ ბაბუაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით… იმიტომ, რომ ის გარდაიცვალა 1988 წელს და მე დავიბადე 2000-სში. ბებიასგან, მეორე ბაბუასგან და დედაჩემისგან მხოლოდ კარგი გამიგია ბაბუაჩემზე. სულ მაინტერესებდა, როგორი იყო, დღესაც მაინტერესებს…
_ გიორგი, რა პრობლემები აქვს დღეს ახალგაზრდებს და სტუდენტებს?
_ ახალგაზრდების, სტუდენტების ძალიან დიდი პრობლემა დროის უქონლობაა. ძალიან გადატვირთული რეჟიმია. უკვე იმდენად დაკავებულია ყველა, საკუთარ თავზე ფიქრსაც ვერ ასწრებენ. აგრეთვე, ჩამოუყალიბებლობის პრობლემაა ახალგაზრდებში _ სტუდენტებმა, რომლებიც უკვე ამთავრებენ უნივერსიტეტს, არ იციან, რა უნდათ, რისკენ მიილტვიან. ბევრისგან გამიგია _ “სხვა ფაკულტეტი მინდოდა და აქ მოვხვდი”, _ ესეც დიდი პრობლემაა. მოკლედ, დამიჯერეთ, ახლანდელ ახალგაზრდობას სასაყვედურო არაფერი აქვს. დღევანდელი ცხოვრების ტემპი ძალიან ჩქარია და რა ქნან… ყველას, როგორც შეუძლია და რაც შეუძლია, აკეთებს. პრობლემა, არის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, აგრეთვე სოციალური ქსელები, საიდანაც დიდი აგრესია მოდის.
_ გიორგი, აპირებთ თუ არა ოზურგეთში კონცერტის ჩატარებას და ვის მიუძღვნი კონცერტს?
ოზურგეთში კონცერტის ჩატარებას ვაპირებ. მინდა ერთი სოლო კონცერტი გავმართო. აი, ვის მივუძღვნი, ეგ ნამდვილად არ ვიცი… არც მიფიქრია მაგაზე. თუ ვინმეს შეიძლება მიეძღვნას ჩემი სოლო კონცერტი ჩემს მშობლიურ ქალაქში, ეს არის მხოლოდ იზა სიხარულიძე, ჩემი პირველი მასწავლებელი, მაგრამ ამ მიძღვნის ცოტა მეშინია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
_ ოცნებობ, გახდე ცნობილი პიანისტი?
_ ცნობილ პიანისტობაზე არ ვოცნებობ, მირჩევნია, კარგი პედაგოგი ვიყო.