1910 წლის 1 იანვარს გაზეთ ,,დროებაში” დაბეჭდილმა სტატიამ _ სათაურით ,,ცოცხალი სინემატოგრაფი” სიხარულით აუწყა საზოგადოებას, რომ თბილისში ჩამოვიდა ცნობილი მეცნიერი და გამომგონებელი თომას ალვა ედისონი და ჩამოიტანა ,,ცოცხალი სინემატოგრაფი”, ანუ ფილმები, რომელიც ,,სულ ქართველთა ცხოვრებას შეეხება”. ამის გამო, ქართველებს მუქთად აჩვენებენ ამ სურათებსო. თურმე კორესპონდენტი ედისონსაც ესაუბრა, რომელიც აღტაცებული ყოფილა ქართველებით: ,,თქვენისთანა ალტრუისტი და კაცთმოყვარე ხალხი დედამიწაზე არ მინახავს. ყველაფერს, საკუთარ სამშობლოსაც კი, სხვას უთმობთო”. შემდეგ მოყვანილია გადაღებული ფილმის შინაარსი, სადაც მოქმედ პირებს შორის არიან სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენელნი, ასვეე ცნობილი ადამიანები ვალერიან გუნია, გრიგოლ რობაქიძე, შიო არაგვისპირელი, იოსებ გრიშაშვილი და სხვები. ყველა ლექსის კუპლეტებს იძახის: ზოგი საკუთარ გასაჭირზე ყვება, ზოგი კი საკუთარ გამორჩენაზე. ბოლოს გამოჩნდება მოქეიფე ქართველი თავადი, რომელიც სიუჟეტის მიხედვით ჰყიდის საქართველოს, უცბად სხვა ქვეყნებიდან გადმოსახლდებიან უცხოტომელები და ჩვენ ქვეყანას დაეპატრონებიან. ერთადერთი ვინც განგაშს სტეხს, იერეხონის საყვირით უყვირის და თავადს გონს მოსვლას ურჩევს Baton-ია (მიხაკო წერეთლის ფსევდონიმი), მაგრამ მას არავინ უსმენს და ქეიფი გრძელდება. წერილი პირველ იანვარს გამოქვეყნდა, მაგრამ უფრო საპირველაპრილო ხუმრობას წააგავდა, რადგან ედისონი ჩვენთან არასოდეს ჩამოსულა, თუმცა ალბათ იყვნენ ისეთებიც, ვინც ეს დაიჯერა. წერილის ავტორი ცდილობდა კინემატოგრაფის, ამ პოპულარული ფენომენის გამოყენებას, რათა საზოგადოების ყურადღება ქვეყნის პრობლემებზე (რუსიფიკაცია, ტერიტორიები, ქალთა ემანსიპაცია, განთლება…) გადაეტანა. ამას რომ ვკითხულობ, ასე მგონია, ეს ამბავი დღეს ხდება.
მიუხედავად პოპულარობისა კინემატოგრაფს დიდი ხნის განმავლობაში ხელოვნებად არავინ მიიჩნევდა, ის ბალაგანთან, ატრაქციონულ სანახაობასთან იყო გატოლებული. არა მარტო ჩვენთან, მსოფლიოს უმრავლეს განვითარებულ და განათლებულ ქვეყანაშიც (როცა დიდმა ესპანელმა რეჟისორმა ლუის ბიუნუელმა, სადღაც 1928 წელს, დედას უთხრა, რომ აპირებს ფილმის გადაღებას, დედამისი შოკში ჩავარდნილა და ლამის ატირებულა ,,თითქოს მე ვუთხარი ,,დედა, მე მინდა კლოუნი გავხდე-მეთქი”. ამის მაგალითია გაზეთებში გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებები, სადაც პუბლიკას ლოტოს თამაშთან და ცეპელინის აფრენასთან ერთად ,,სინემატოგრაფს” სთავაზოდნენ. ან ,,დღეს მუშტაიდის ბაღში გაიმართება სეირნობა. მოეწყობა ილუმინაცია, უკრავს ორკესტრი და საზანდარი. პროჟექტორ-სინემატოგრაფი უფასოა”. კინოსადმი, ცოტა არ იყოს, აგდებული დამოკიდებულება გასული საუკუნის ოციან წლებშიაც კი გაგრძელდა; ბევრი ქართველი მწერალი და პოეტი კინოხელოვნებას სრულფასოვან ხელოვნებად არ მიიჩნევდა, ეჭვსქვეშ აყენებდა მის პოტენციალს და მომავალს ჯეროვნად ვერ აფასებდა. მაგალითად, ტიციან ტაბიძე ამბობდა, კინოში არ არის სიტყვის ფენომენიო. ის სახტად დარჩენილა, როცა გაიგო, რომ სერგეი ესენინი თურმე კინოში დადიოდა. თუ დროთა განმავლობაში ,,გაცოცხლებულმა სურათებმა” ტაბიძეს აზრი შეუცვალეს (მან კინოსცენარი ,,ამორძალებიც” კი დაწერა, თუმცა ის არ გადაუღიათ), ასე არ მომხდარა თვით ქართული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელის, ივანე პერესტიანის მაგალითზე, რომელმაც მთელი სიცოცხლე კინოს შეალია. ერთხელ აკაკი ბელიაშვილს მან უთხრა, ტყუილია როცა ამბობენ კინემატოგრაფი ხელოვნებააო. მანქანით ამოძრავებული სურათები არ შეიძლება ხელოვნებად იქცესო. კინო არის მრეწველობად ქცეული ფოტოგრაფია, რაგინდ ბრწყინვალედ არ უნდა იყოს ის გადაღებული, რომელიც ვერასდროს ვერ შეედრება ჯადოსნური ხელით შესრულებულ მხატვრულ ტილოსო. ბევრმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ და პერესტიანს რომ შეძლებოდა ცალი თვალით მაინც შეეხედა, თუ რა ხდება დღევანდელ კინოში, ოღონდ ქართულში არა, ის ნაღდად შეიცვლიდა საკუთარ აზრს.
თბილისის ქუჩებში თურმე 15 სარეკლამო ბოძი მდგარა და ზედ იგივე აფიშები იყო გაკრული, რაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში. კინოპროდუქციის თემატიკა ლამის ყველგან ერთნაირი იყო და ორიგინალურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც მაგნიტივით იზიდავდა მაყურებელს, რადგან ყველა ფენის წარმომადგენლისათვის ერთნაირად გასაგები და აღსაქმელი იყო ეს ,,სულის ესპერანტო” როგორც მას ერთმა ანონიმმა უწოდა. თბილისში 1906-1914 წლებში გამომავალი გერმანული გაზეთი ,,კაუკაზიშე პოსტი” (1908, #37) წერდა: ,,…თბილისს, რომლის მცხოვრებნი ესოდენ უჩივიან უფულობას, უყვარს გართობა და დროსტარება. არამარტო კლუბები, თეატრები, ცირკი და კინემატოგრაფის დარბაზებია ყოველ საღამოს გადაჭედილი, არამედ რესტორნები და ლუდხანებიც”. მაშინ მაღალი წრის წარმომადგენელი ქალბატონები უზარმაზარი შლაპებით დაბრძანდებოდნენ კინოში, რომელსაც არ იხდიდნენ, რაც უკანა რიგების უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან შლაპა მთელ ეკრანს უფარავდა. ადმინისტრაციის მხრიდან სხვადასხვა მოწოდების მიუხედავად მანდილოსნები მაინც განაგრძობდნენ შლაპებით ფილმების ყურებას, სანამ ერთმა მოხერხებულმა კინოთეატრის მფლობელმა განცხადება არ გამოაკრა: ,,ახალგაზრდა ქალბატონებს გთხოვთ კინოთეატრში თავსაბურავები მოიხადეთ”, განცხადებამ გასჭრა. საინტერესოა, რომ კინემატოგრაფს ქველმოქმედებისთვისაც იყენებდნენ. “Тифлисский листок”-ში (1911, # 256) დაბეჭდილი ერთი რეკლამა გვამცნობს, რომ ,,ხუთშაბათს, 1911 წლის 17 ნოემბერს, ქველმოქმედების მიზნით გაიმართება ხუთი კინემატოგრაფიული სეანსი, რომლის შემოსავლის 50 პროცენტი გადაეცემა ტფილისის ლიუთერანულ ეკლესისასთან არსებულ პეტრე-პავლეს სახელობის სკოლას”.