რომელი საინფორმაციო წყაროა სანდო, ხოლო რომელი დეზინფორმატორი, ამას Facebook-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ.
Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის პრიორიტეტების ცვლილებასთან დაკავშირებით მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ახალი განმარტება გაავრცელა.
ცუკერბერგის თქმით, Facebook-ის მომხმარებლებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, ინფორმაციის ხარისხზე თავად იქონიონ გავლენა. ამისათვის, მათ ხმა უნდა მისცენ ინფორმაციის სანდო წყაროებს.
„გადავწყვიტეთ, ყველაზე ობიექტური იქნება, მომხმარებლებს მივანდოთ იმის განსაზღვრა, თუ რომელი წყარო არის ყველაზე სანდო“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი.
Facebook-ი ამა თუ იმ წყაროს სანდოობას მომხმარებლების მიერ გამოკითხვებისას მიცემული ხმების მიხედვით შეაფასებს და ჩამოაყალიბებს რეიტინგს, რომლის ლიდერებიც სიახლეების ზოლში მოხვდებიან.
მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, სიახლე უკვე მომავალი კვირიდან ამოქმედდება.
ცუკერბერგი ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში არის სწრაფვა სენსაციებისადმი, ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა.
„სოციალური მედია საშუალებას აძლევს ხალხს, უფრო სწრაფად გაავრცელოს ინფორმაცია, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც, თუ არ გამოვრიცხავთ პრობლემებს ახლა, ჩვენ ამ პრობლემებს გავაძლიერებთ“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი.
სიახლეების რაოდენობას რაც შეეხება, ცუკერბერგი განმარტავს, რომ ის ამჟამინდელი, დაახლოებით 5%-დან 4%-მდე შემცირდება.
მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის სიახლეების ზოლის ფორმირების ალგორითმში ცვლილებები დააანონსა. ამ ინფორმაციის თანახმად, Facebook-ზე მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო სარეკლამო პუბლიკაციების რაოდენობა – მომხმარებელს ახალი ამბების ველში უფრო ხშირად შეხვდებოდა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების პოსტები, ვიდრე რეკლამები, სხვადასხვა ორგანიზაციის პოსტები და სტატიები.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Facebook-ის აქციების ღირებულებამ 4,5%-ით დაიწია და Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, მარკ ცუკერბერგმა 74 მლნ აშშ დოლარით იზარალა.
1tv.ge