“თუ ჩემი გადაწყვეტილება გუნდისთვის პრობლემური იქნება, უხერხულობაში არავის არ ჩავაყენებ, თუმცა საუბარი ამაზე ჯერ არ ყოფილა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა, რომელიც ნიკა მელიას საკითხზე ჩატარებულ კენჭისყრას გამოეხმაურა.
„ეს ნაბიჯი არავის წინააღმდეგ და არავის მხარდასაჭერად არ გადამიდგამს. განცხადება არც უმრავლესობიდან გასვლაზე გამიკეთებია. თუ ჩემი გადაწყვეტილება გუნდისთვის პრობლემური იქნება, უხერხულობაში არავის არ ჩავაყენებ, თუმცა საუბარი ამაზე ჯერ არ ყოფილა. ჩემი ყველა კოლეგის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მათ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არ მაქვს, ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. ეს რა განწყობას გამოიწვევს, დაველოდოთ. კითხვები დავსვი, რაზეც კვალიფიციურ პროკურორს თავისი მოსაზრებები ჰქონდა, მაგრამ დასაბუთებული ეჭვი საპარლამენტო ცხოვრებაში ახალია. თუ დასაბუთებული ეჭვის გამო ღებულობ ამ გადაწყვეტილებას, დასაბუთებულობა ძალიან სუბიექტურია. ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ უფრო მეტი მტკიცებულება იქნებოდა წარმოდგენილი. მესმის, რომ პროკურატურას მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება არ აქვს და პარლამენტს სასამართლოთი ვერ ჩავანაცვლებ. არ მგონია, რომ იმ საქციელს ვინმე ამართლებდეს, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობა იყო. არ მგონია, საქართველოში ვინმე თვლიდეს, რომ სამართლებრივი რეაგირება ამ პროცესებს არ სჭირდება, რაც ნიკა მელიას ეკუთვნოდა. არ მგონია, რომ რაიმე პოზიციის გაგება იყოს ძნელი. თუ გუნდის რაიმე პოზიცია იქნება, არავის პრობლემას არ შევუქმნი”, – აღნიშნა კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უმრავლესობის სამმა დეპუტატმა ხმა არ მისცა. ესენი არიან რომან კაკულია, ბექა ოდიშარია და მარიამ ჯაში. კაკულიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო ჯაშმა განაცხადა, რომ თავი შეიკავა და რეგისტრაცია არ გაიარა. ბექა ოდიშარიამ კი მოგვიანებით განმარტა, რომ ხმა დაუჭირა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო არ აისახა.