ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, გამგეობის მიმდებარედ არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შიდა ქუჩის რეაბილიტაცია ქალაქის კეთილმოწყობის გარდამავალი პროექტის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც 2015 წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით დასკვნას სწორედ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დადებს, თუმცა, მანამდე მოქალაქეები გამოთქვამენ პრეტენზიებს შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით.
„გურია ნიუსს“ ჟორდანიას ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის კიდევ ერთი მცხოვრები, ნათელა ურუშაძე დაუკავშირდა და იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც მას სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელების შემდეგ შეექმნა.
როგორც ქალბატონმა ნათელამ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ის დედაქალაქში ცხოვრობს და ლანჩხუთში მხოლოდ ზაფხულში, დროის მოკლე მონაკვეთში ჩამოდის. ამიტომაც, იმ დროს, როცა მისი სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდებოდა, ის ადგილზე არ იყო, თორემ არ მისცემდა უფლებას იქ მომუშავეებს, მსგავსი სახით გაეკეთებინათ საქმე.
„ეს სამუშაოები აქ წლის დასაწყისში ჩატარებულა, ამიტომ აქ არ ვიყავი, წელიწადში მხოლოდ ერთი თვით, ზაფხულობით ჩამოვდივარ ხოლმე. როგორი დაგებულია ასფალტი! ქუჩაში ტალახში რომ აღარ დავდივართ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მილხიდი რომ ისეა გაკეთებული, ეზოში მანქანა ვერ შეგვიყვანია და ყოველი გაწვიმებისას ეზო წყლით იფარება, ესეც ხომ ნამდვილად პრობლემაა.
ახლა თურმე ამ ხარვეზების გამოსწორებაზე თავად უნდა ვიზრუნო, მაგრამ როგორ?! მეუღლე გარდაცვლილი მყავს, მე კი პენსიონერი ვარ“, _ ამბობს ნათელა ურუშაძე, რომელიც გამგეობის შესაბამისი სამსახურების ადგილზე მისვლასა და ხარვეზების გამოსწორებას ითხოვს.
ურუშაძის თქმით, მანამ, სანამ დახმარებისთვის „გურია ნიუსის“ რედაქციას დაუკავშირდებოდა, მუნიციპალიტეტის გამგეობაში იყო მისული, თუმცა, მათგან პასუხად მხოლოდ ის მიიღო, რომ მადლობელი უნდა იყოს, უნდა თქვას ტალახში რომ უწევს სიარული.
„თავადაც სპეციალობით ინჟინერი ვარ, წლების განმავლობაში კეთილმოწყობის სამსახურში ვმუშაობდი და შესანიშნავად ვიცი, რომ, წესით, პროექტი მიბმული უნდა იყოს მოსახლეობაზე, მის ნიშნულზე, მის ეზოზე და მერე ამის მიხედვით უნდა გაკეთდეს, რაც გასაკეთებელია და არა ისე, როგროც აქაა გაკეთებული, გარეთ მტერს რომ უბრმავებს თვალს და შიგნით _ ჩვენ.
საჭიროა ფუნდამენტალურად პროფესიონალმა შეადგინოს პროექტი და მერე იმის მიხედვით შესრულდეს სამუშაოები, შევწუხდით უკვე იმით, რომ ერთის გაკეთებით მეორე საქმე ფუჭდება. წესით ჭიშკართან მილხიდის ნაცვლად ცხაურა უნდა გაეკეთებინათ, რომ წყალი დაიწრიტოს და ეზოში არ შემოვიდეს. ტყუილად მოსახლეობას თვალში ნაცარს ნუ გვაყრიან, ეს არ არის გაკეთებული საქმე, უბრალოდ, აიღეს და ფული გაათეთრეს. სანახევროდ გაკეთებული საქმით კი ხედავთ, ძირითადი საქმეც ფუჭდება“, _ დასძენს ნათელა ურუშაძე.
ნათელა ურუშაძესთან ერთად ამ ქუჩაზე შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით უკმაყოფილება იქვე მყოფმა რამდენიმე მეზობელმაც დააფიქსირა.
„ღამის საათებში აგებდნენ ასფალტს და აბა, რა იქნება, სად გინახავთ ღამით გაკეთებული სახეირო საქმე?! წვიმის დროს უნდა ნახოთ, აქ რა ამბავია, ტბა დგას. ამ კორპუსის სარდაფში მანამდე წყალი არასდროს არ დამდგარა, ახლა კი ტბა დგება“, _ იქვე მდებარე საცხოვრებელი კორპუსისკენ მიგვითითეს ურუშაძის მეზობლებმა.
ნათელა ურუშაძის მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომელიც გახორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, კომენტარისთვის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას დავუკავშირდით.
„აღნიშნულ ქუჩაზე საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო. დაიგო ასფალტი, გაკეთდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი. სამუშაოები დასრულებული ჯერ არ არის. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს მისი აღმოფხვრა“, _ გვიპასუხა განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა სულაბერიძემ.