საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაახლა ე. წ. “უჩიპო“ პირადობის მოწმობების გაცემა. ამის საფუძველი კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, პირადობის მოწმობების გაცემის წესის შესახებ სარჩელის არსებითად განხილვის დასაშვებობა გახდა.
ამიტომ, როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყება, “უსაფრთხო დოკუმენტების გაცემის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და, ამავე დროს, საკონსტუტიციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ. ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე. ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი“.
ასეთი წესით გაცემული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადაა 1 თვე. ბრძანება ვრცელდება 2019 წლის 26 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ბრძანება მოქმედებს დროებით − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩერა პირადობის მოწმობის გაცემის წესის სადავო ნორმა.