დღეს ოზურგეთის საჯარო სკოლებში სწავლა უხმაუროდ, თუმცა მაინც ხალისით დაიწყო. განსაკუთრებით მაღალი კლასების მოსწავლეები აქტიურობდნენ. პატარებს და მათ მშობლებს კი უფრო ეტყობოდათ მღელვარება.
უჩვეულო სიჩუმე განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლასთან, სადაც მოსწავლეებს პირდაპირ საკლასო ოთახებისკენ მიუთითებდნენ.
სკოლის დირექტორი, ფატი სიორიძე პირბადით ყოფნას ვერ ეგუებოდა, მოსწავლეებს ღიმილით შეხვედრა უყვართო.
_უჩვეულო სასწავლო წელია, პირბადეში დამალული ღიმილით, თუმცა წესი წესია და უნდა დავემორჩილოთ. მოგესალმებით, ეს სასწავლო წელი უჩვეულო სიტუაციაში დავიწყეთ. გამომდინარე მსოფლიო სიტუაციიდნ, რაც კოვიდ-19 პანდემიას უკავშირდება, ჩვენც მობილიზებული ვართ. ჩვენი სკოლა აბსოლუტურად აკმაყოფილებს რეგულაციებს და გაწერილ პროტოკოლს ექვემდებარება ადმინისტარცია, პედაგოგები თუ მთელი პერსონალი. მოსწავლეთა სწავლება ჰიბრიდული წესით ხდება. ორი შემოსასვლელი გვაქვს. პირველი შემოცვლა 9 საათზე მოხდა, მეორე ნაკადი 9.30 საათზე შემოვიდა. 13 საათზე მე-2, მე-3 , მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები შემოვლენ. ხოლომეათე-მეთერთმეტე კლასელები ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს სწავლას დაიწყებენ სკოლაში, სხვა დღეებში იქნება დისტანციურად სწავლება. სასწავლო ცხრილი, საკლასო ოთახები, მაქსიმალურად წესრიგშია. ჰიგიენის საკითხებიც უმაღლეს დონეზეა. ცალკე არის სამრეცხაო გაკეთებული. სამუშაო ოთახი გამოყოფილია და იციან, რომელი მაგიდა რომელ დამლაგებელს ეკუთვნის. ჩვრებიც კი განცალკევებულია. ორ ცვლაში ვართ. პირველი თერმოსკირინინგის გავლის შემდეგ, არანაირი ტემპერატურა არ ჰქონია არცერთ მოსწავლეს.
სკოლის შესასვლელთან განსაკუთრებით აქტიურობდნენ მეთორმეტეკლასელები:
_ჩვენ დღეს სიმბოლურად მოვედით სკოლაში. განსხვავებული დღეა, როგორიც არასდროს გვქონია სწავლის მანძილზე, თუმცა განწყობა იმედიანი გვაქვს, აბა, როგორ იქნება, _ გვითხრეს მაია მამეშვილმა, ნათია მქვაბიშვილმა, გოგა ცხოიძემ და სხვებმა, – მართალია, პანდემიამ განსხვავებულ ვითარებში ყოფნა გვიკარნახა, თუმცა ეს სასწავლო წელიც იქნება ისეთი, როგორიც მეორე სკოლას შეეფერება. ჩვენ ამისთვის ჩვენი სწავლით ყველაფერს გავაკეთებთ.
მაია ღლონტი, მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:
_ ძალიან გაუცხოებული და დაბნეული განწყობა მაქვს. აქ ახლა ჟრიამული უნდა იყოს. ეს სიჩუმე მაკრთობს. წელს პირველად არ წავსულვარ სალონში, რაც სკოლა დაიწყო. თუმცა, იმედი მაქვს, მსოფლიო დაამარცხებს ამ პანდემიას და დავუბრუნდები ჩვეულ რეჟიმს. აგერ, შეხედე, შვილი პირველ კლასში ჰყავს, ერთიც მუცლით მოიყვანა, მალე კვლავ დედა გახდება _სიყვარულით მიგვანიშნა მაია ღლონტმა ახალგაზრდა მშობელ, თიკო კუნჭულიაზე.
_ჩემი ვაჟი, იურკა ლომინაძე პირველ კლასში მივიყვანე. ძალიან ვღელავ, შინ ვერ გავჩერდი. თუმცა, იმედი ერთი წუთით არ მტოვებს. რა თქმა უნდა, უკეთესი იყო, უფრო ჩვეული ზეიმით მოსვლა სკოლაში, თუმცა გადავლახავთ ამ დაბრკოლებას. პანდემია დამარცხდება. ჩვენს შვილებს აუცილებლად ექნებათ ნათელი მომავალი, – გვითხრა ქალბატონმა თიკომ.
ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში, დირექტორი, ტარიელ კალანდაძე ჩვეული ოპტიმიზმით ხვდებოდა მოსწავლეებსა და მშობლებს: „უჩვეულო და ემოციური სასწავლო წელია, თუმცა ყოველგვარი წესების დაცვით ვმოქმედებთ. მშობლების შემოსვლა შეზღუდულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მშობლები ვერ მოვიდნენ, ვერ მოიკითხოს შვილის ამბავი. მობრძანდით, გაიღიმეთ ღია სივრცეში, დახურულში კი გავუძლოთ დროებით პირბადეს, ყველაფერი საუცხოოდ იქნება“.
_პირველი ნაკადი პირველი ცვლისა, შემოვიდა ცხრა საათზე, 9.30 საათზე იწყება მეორე ნაკადი. ორივე პირველი ცვლაა, ნახევარი საათით გვიან შემოდიან ბავშვები, რომ მერე ეს დრო შესვენებისთვის გამოგვადგეს და ერთმანეთს არ დაემთხვეს. იქნება სიხალვათე, დისტანციის დაცვის კუთხით. მეორე ცვლაც ასეა, პირველის ნახევარზე და ორის ნახევარზე შემოვლენ, შესაბამისად. მშობლებიც გაგებით მოეკიდნენ ყველაფერს და დაგვემორჩილნენ. ჰიგიენის საკითხი განსაკუთრებით მოწესრიგებულია. წელს სოველი წერტილების რეაბილიტაციაში ისეც ჩასმული იყო ჩვენი სკოლა. მშობლებს მაინც ვავალებთ, რომ ბოთლით წყალი ჰქონდეთ ბავშვებს. მერხები დაშორებული, დისტანციურად არის განლაგებული. მაქვს იმედი, რომ ჩვენ ყველა ერთად გავუმკლავდებით პანდემიას, _ გვითხრა ბატონმა ტარიელმა.
პირველკლასელებმა იოანე ნიკოლაიშვილმა და საბა სიხარულიძემ, რომლებიც სკოლის წინ ბუშტებით პოზირებდნენ, გვითხრეს, რომ ახლა მხოლოდ ლექსები იციან, წერა-კითხვას კი სკოლაში ისწავლიან.
მეოთხე საჯარო სკოლაში, ისევე როგორც სხვა სკოლებშიც, მშობელთა მღელვარება და ემოციური ფონი შესამჩნევია. განსაკუთრებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა, უფრო კი პირველკლასელთა მშობლები ღელავდნენ, _განწყობა კარგი გვაქვს, მაგრამ ყველა ვართ მაინც დაძაბული. ცოტა უცნაური ვითარებაა. ხვალ არ ვიცით, რა იქნება. ესაა, ადამიანი ყოველთვის იმედითაა და ჩვენ რა უფლება გვაქვს, შვილებს და მათ მომავალს არ გავუფრთხილდეთ, _ გვითხრეს მეოთხე საჯარო სკოლაში, შვილებთან ერთად მოსულმა მშობლებმა: მაია ვაშალომიძემ, ლიკა გუჯაბიძემ და კესო ქურიძემ რომელმაც შვილი პირველ კლასში მოიყვანა და მალე კვლავ დედ უნდა გახდეს.
მათ, სკოლის კარებთან, სამახსოვრო ფოტოები თავად გადაუღეს შვილებს.
სასწავლო წელი მშვიდად, ცოტა ემოციურად, თუმცა პასუხისმგებლიანი მიდგომით დაიწყო ოზურგეთის ყველა საჯარო სკოლაში.