,,გუშინდელი 24 საათი უჩვეულოდ მშვიდი იყო, რამეთუ სამტრედიაში ცხელების ზონისთვის პაციენტს, საეჭვო კოვიდ ინფექციაზე, არ მოუმართავს”, _ ,,გურია ნიუსთან” კომენტარში ამბობს ,,ჯეოჰოსპიტალსის” სამედიცინო ცენტრის მთავარი ექიმი, ირაკლი ლაღიძე.
პირველი აპრილიდან სამტრედიაში ცხელების ზონა გაიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე მივიღეთ ორი ერთმანეთისაგან იზოლირებული ფართი. ცენტრის ხელმძღვანელობის განმარტებით, სამტრედიის ჯეოს პროფილური ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. ანუ ცხელების ზონას არანაირი კავშირი არ აქვს სტაციონართან. ადგილობრივი მედიკოსების თქმით, სარისკო პაციენტები სტაციონარში ვერ ხვდებიან.
ინფექციონისტი მანანა შენგელია ,,გურია ნიუსს” ცხელების ზონის მუშაობის სპეციფიკაში არკვევს:,,ცხელებიანი პაციენტი ცხელების ზონაში გადის ტრეაჟს, პაციენტის ცხელების გენეზისის მოკვლევას, დგინდება, ეს პაციენტი განეკუთვნება თუ არა დღეს ქვეყანაში არსებული ალგორითმის მიხედვით შესაძლო ინფიცირებულთა ჯგუფს, რომლებიც შემდგომში ექვემდებარებიან დიაგნოსტიკას კოვიდ-19-ის ვირუსზე გამოკვლევას.”
1აპრილიდან დღემდე სამტრედიაში ცხელების ზონას, დაახლოებით, 100-მდე პაციენტმა მიმართა. აქედან, ცხვირ-ხახის ვირუსოლოგიური ანალიზი მხოლოდ 37 პაციენტს ჩაუტარდა, საიდანაც 2 იყო დადებითი შემთხვევა, ვანის მუნიციპალუტეტში მცხოვრები ერთი ოჯახის ორი წევრი, ცოლ-ქმარი, 62 წლის ქალბატონი და 74 წლუს მამაკაცი. დაინფიცირებულები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღემდე სპეციფიკურ მკურნალიბას გადიან. 13 აპრილის მდგომარეობით სამტრედიის ცხელების ზონაში არცერთი პაციენტი არ იმყოფება.