გუშინ უკრაინულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა რომ ამ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ რუსული კომპანია „გაზპრომი“ 6.4 მილიარდი დოლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ ქვეყნის ანტიმონოპოლიური სამსახურის ოფიციალური წერილის შემდეგ მიიღო.
აღმოჩნდა რომ რუსული „გაზპრომი“ უკრაინულ მხარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებას უხეშად არღვევდა. ეს ეხება როგორც გაზის საფასურს, ასევე მოწოდებული აირის ხარიხს. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა „გაზპრომი“ მდგომარეობის გამოსწორებას არ ცდილობდა.
აღსანიშნავია რომ დიდი ფულადი ჯარიმის გარდა, უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებულ „გაზპრომის“ ქონებას ყადაღა დაედო, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნება, როდესაც რუსული კონცერნი აღებული ვალდებულებების ზუსტად შესრულებას დაიწყებს.
გუშინ უკრაინულ მასდმედიაში კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. უკრაინული ტელეკომპანია „ZIK”-ის ეთერში, თოქ-შოუ „Наша Україна“-ს წამყვანმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაცხადა, რომ უკრაინის პირველმა პირმა პეტრო პოროშენკომ შესაბამის სამსახურებს, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით, მასალების მოძიება დაავალა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებით, ჩამორთმევისთვის მასალების მოძიების პროცედურა დაწყებულია საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის წინააღმდეგაც, რომელსაც ასევე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
გუშინ თურქულმა გამოცემამ „Haberturk” გაავრცელა ცნობა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელები რუსეთს ახალი ტერაქტებით დაემუქრნენ. გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით უახლოეს მომავალში „ისლამური სახელმწიფო“ ბოსფორის სრუტეში მყოფ რუსულ სამხედრო ხომალდებზე სარაკეტო დარტყმების მიყენებას გეგმავს. „ისლამისტების“ განცხადებით, მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ერთდროულად 150 სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა გააჩნიათ.
რასაკვირველია „ისლამისტების“ მუქარა რუსეთმა უპასუხოდ არ დატოვა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარა ნამდვილად განხორციელდება, რუსეთი მოძალადის მიმართ სრული სისასტიკით იმოქმედებს.
ჯერჯერობით, მუქარა რეალობად არ ქცეულა, მაგრამ თურქულმა მხარემ გარკვეული ზომების მიღება უკვე დაიწყო. კერძოდ, ხვალინდელი დღიდან, ბოსფორის სრუტეში გამავალ ყოველ რუსულ ხომალდს რამდენიმე თურქული ვერტმფრენი და ადგილობრივი საზღვაო პოლიციის კატარღა გააცილებს.
მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ვითარებისა, გუშინ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. რუსული მასმედიისთვის ცნობილი გახდა რომ ორი პრეზიდენტის მოლაპარაკების უმთავრესი თემა იმ უკრაინელი მოქალაქეების ბედი გახლდათ, რომელიც რუსს სამართალდამცველებს დაკავებული ყავთ. როგორც პუტინი, ასევე პოროშენკო პოლიტიკურ პრობლემებს არ შეხებიან.
გუშინვე ამერიკულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ უახლოეს მომავალში, ამ ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი თავისი მომხრე პოლიტიკოსებისთვის ახალ მოძრაობას ჩამოაყალიბებს. მასში ყველა ის ამერიკელი პოლიტიკური ლიდერი გაერთიანდება რომლებიც ქალბატონი ჰილარის იდეებსა და მსოფლმხედველობას იზიარებს.