ოზურგეთის ცენტრალური ნაწილი, აგვისტოს დასაწყისიდან, თხილის მიმღებ მოედანს უფრო ჰგავს, ვიდრე ქალაქის შუაგულს, სადაც ყოველი დილიდან ტომრებით სავსე მსუბუქი ავტომობილები თუ სამარშრუტო მიკროავტობუსები წინ და უკან მოძრაობენ. თხილის მიმღებ პუნქტებთან კი, თხილის გატეხვასთან ერთად, უკმაყოფილო ხმები ისმის, ძირითადი მოთხოვნით: “ამ არჩევნებზე არავინ დაგველაპარაკოს ხმებისთვის”, “ხალხს ნუ აბრალებენ ყველაფერს”, “საარჩევნო პროგრამის წარდგენა თხილით დაიწყონ”, “საკუთარ თავს და თხილს დავცინით და დავტირით”, “ნახეთ, სად ხდება ასეთი ფორმით თხილის მიღება, დაუკავებიათ ეს “შტირები” და იქნევენ ხმლებივით, ბარემ დაგვხანჯლონ”, _ მრავალი ასეთი რეპლიკა ისმის ყოველდღიურად და მოსახლეობის წარმომადგენლები, რომლებიც რედაქციაში გვსტუმრობენ, ითხოვენ, თხილის საკითხი მედიის თემად იქცეს და მედიამ დახმარება გაუწიოს გაჭირვებულ ხალხს იმით, რომ ყოველდღიურად თუ არა, ხშირად გაახმოვანონ მათი გასაჭირის შესახებ.
დღეისთვის ერთი კილოგრამი თხილის ფასი სამ ლარს არ ასცილებია და აგვისტოს ბოლო პერიოდისთვის დღემდე არსებულ ფასებს შორის, ყველაზე დაბალი და უიმედოა.
_ ასეთი ფასი ამ დროს გლეხკაცის ეკონომიკისთვის დამანგრეველია. ეს “ტახან-ტუხუნი” რომ ისმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ესაა წინსვლა და ამით დგინდება თხილის ხარისხი? _ გვეუბნება თამარ დოლიძე და გვთხოვს, მომავალ საარჩევნო შეხვედრებზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი გამოსვლები თხილზე საუბრით დაიწყონ.
_ “ჩვენც დავირაზმებით და ეს არჩევნები თუ მშვიდად ჩაივლის, ნახონ! _ გვეუბნება ის.
თხილის გატეხვის პროცესს კი, ერთგვარი კომიკური ელფერიც აქვს _ ყველას არ აქვს ე. წ. ახალი მოწყობილობა და ზოგი ყავის ჭიქით ტეხს, ზოგი კბილით, ზოგი მუშტით და ზოგიც, პირდაპირ ცემენტის იატაკზე დაყრილ თხილის მარცვლებს ნებისმიერ საგანს ურტყამს, რომ თხილის მომტანს მტკიცებულება დროულად წარუდგინოს და მოტანილი პროდუქცია ან ჩაიბაროს, ან უკან გაატანოს.
“დაუჩემებიათ ეს საბაზრო ეკონომიკა! ვიღაცამ ვიღაცას ორი სიტყვა დააზეპირებინა და ამით გვიხსნიან, რომ ოზურგეთში გაცილებით დაბალი ამიტომაა თხილის ფასი, ვიდრე აჭარის რეგიონში”, _ ამბობენ ლიხაურელი, ნატანებელი და ბახველი ფერმერები, როლებიც ერთმანეთს თხილის ჩაბარების დროს ეკონტაქტებიან და მოლაპარაკებას იწყებენ, როგორ და რა ფორმით მოთხოვონ მოახლოებულ არჩევნებზე მმართველი პარტიის თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ყურად იღონ თხილის კულტურის გადარჩენის და ფასის რეგულირების საკითხი, რასაც მოსახლეობა ითხოვს.
ვასო ლომჯარია: “ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ, წინასაარჩევნოდ დავუსვათ საკითხი დეპუტატობის, მერობის თუ თავმჯდომარეობის მსურველებს. გლეხისთვის ჰაერის გადაკეტვის ტოლფასია თხილის დღევანდელი მდგომარეობა და ფასი. ეს ამბავი ასე არ ჩაივლის _ ჩვენ წინასაარჩევნო დღეებში გადავდგამთ უკიდურეს ნაბიჯებს!”
ვაჟა ურუშაძე: “შეხედეთ ამ თხილით დატვირთულ სამარშრუტო ტაქსებს, დიდიან-ბავშვიანად, გამწარებული მიათრევენ ტომრებს. ნახევარს უკან გააბრუნებენ, თუ მეტს არა. აი, აქამდე მივიდა საქმე გურიაში და ახლა ვიღაცას ჰყოფნის ნამუსი, რომ ეს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე გლეხს დააბრალოს. თუ მთავრობას უნდა, ერთ დღე-ღამეში დამყარდება წესრიგიც და ფასიც დარეგულირდება. ასეა ეს, მარა გვაცხოვრებენ ხვალინდელი დღის იმედად, ნერვებს გვისინჯავენ. ეს არ უნდა გაგრძელდეს _ მოვახერხებთ შევქმნათ თხილის დამცველი საზოგადოება”.
მოსახლეობის არა ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ თხილის შესაწამლი საშუალება მხოლოდ უბრალო სითხეა, რომელიც მავნებელს არ ვნებს. ზოგი, კი ფიქრობს, რომ ისეთი შხამ-ქიმიკატია, ყველაფერს ჟლეტს. ამის დასტურად კი მოჰყავს მაგალითი, როცა სოფლებში თხილს წამლავდნენ, ამ საქმით დაკავებულები იქვე ჭამდნენ მწიფე წყავის მარცვლებს, რომელსაც წამალი გადაევლო. თან ხალხს აჩვენებდნენ, “აი, ნახეთ, ვჭამთ, ჩვენ არ გვწყენს და მავნებელ მწერს მოკლავსო? მთავრობა ასეთ წამალს აგზავნისო”.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გიგა ხარაბაძე ამბობს, რომ მსგავს ქმედებებს უფრო მაღალ დონეზეც მიმართავენ:
_ კონკრეტულად, “რუსთავი 2”-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტში გაისმა, რომ ქართული თხილი მომწამვლელია. ამ სიუჟეტებს უსმენენ ყველგან, ყველა საელჩოს ჰყავს თავისი ეკონომიკური ბლოკი და ელჩები აწვდიან თავიანთ ქვეყნებს ინფორმაციებს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ წელს უცხოელმა ინვესტორებმა თხილის ქარხნებთან ხელშეკრულება, ერთი კილოგრამი თხილის შეძენაზე ხუთ დოლარად დადეს. გასულ წელს კი შვიდი დოლარი იყო. ასეთივე მიზანს ემსახურება, ერთი შეხედვით, პრიმიტიული ფორმა, როცა თხილის პლანტაციის დამუშავების დროს, ვიღაც შენაწამლ ნაყოფს ჭამს. ეს არის პროვოკაციის ნაწილი, რაც, საბოლოოდ, გლეხის მხრიდან უნდობლობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
_ თუ თხილი საწამლავად მიაჩნიათ და შვიდის ნაცვლად, ხუთ დოლარს იხდიან, ფასდაკლებული არაა საშიში?
_ მთლად ასე არ არის, ყველა სათავისოდ იყენებს შექმნილ ვითარებას. საეჭვო ფონი როცა ჩნდება, აგებს ადგილობრივი მოსახლეობა და იგებს თხილის გამტანი. თხილის კულტურას ყოველი მხრიდან დაემუქრა საფრთხე, თუმცა, ამ ყველაფერს მაინც ისევ ჩვენი ხალხის და ხელისუფლების ერთობლივი მოქმედებით ეშველება.
ფერმერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დავით თენიეშვილი ძალზე საყურადღებო თვალსაზრისს სთავაზობს, როგორც ხელისუფლებას, ისე ფერმერებს, თხილის კულტურის ირგვლივ შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავლის პოვნისთვის:
_ თხილის კულტურა ერთადერთია, რომელმაც გურიაში ჩაის კულტურა შეცვალა და ცოტათი მაინც, გლეხკაცს სული მოათქმევინა. დღეს შექმნილი ვითარება მარტივი არ არის. უპირველეს მიზეზად მივიჩნევ თხილის სტიქიურ განვითარებას და ჯიშების აღრევას.
სანერგე მეურნეობების თავიდანვე არარსებობამ გამოიწვია ის, რომ გავრცელდა სხვადასხვა ჯიშები. სხვადასხვანაირს კი ვეგეტაციის და ყვავილობის სხვადასხვა დრო აქვს. ასევეა გამომდინარე, დაავადების გაჩენის დრო _ სხვადასხვა ჯიშის თხილზე ის სხვადასხვა დროს ხდება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული გლეხი, რა ჯიშის თხილს რა დროს სჭირდება წამლობა და უმთავრესი _ ეს არის წამლის ხარისხი. ხარისხიანი წამლის შემოტანისთვის კი სწორედ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. რაკი თხილი იქცა ბიზნესად და გლეხისთვის, ჩაის შემდეგ, მან პოზიცია დაიკავა, სასწრაფოდ უნდა დავძლიოთ მის ირგვლივ შექმნილი უმძიმესი პრობლემა. სახელმწიფომ ხარისხიანი წამლის შემოტანაში უნდა აიღოს ინიციატივა. გასცენ ლიცენზია მათზე, ვინც ამ საქმეში ბოლომდე გარკვეულია, პროფესიონალია და საკუთარ თავზე აიღებს ვალდებულებას, საიმედო და ხარისხიანი წამლის მიწოდებაზე.
ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურებმა სოფელ-სოფელ კი არა, კარდაკარ უნდა ირბინონ, რომ თხილი გადავარჩინოთ.
არ არის გლეხი ინფორმირებული. ამდენი ხნის გამოცდილება მაქვს, მოტივირებული ვარ და რომ მკითხო, მე ვერ გეტყვით დაზუსტებით, რომელი ჯობს, ისეა აღრეული ყველაფერი. არის პრეპარატები, რომელიც ევროპაში ამოღებულია ხმარებიდან, აქ კი იყიდება. დაბარებულის დაბარებულით საქმე არ კეთდება. სოფლის გამგებელი იქნებ მშენებელია და გულით რომ უნდოდეს საქმის კეთება, მიიტანს კი ზუსტად ინფორმაციას ყველა ოჯახში ამ კუთხით? ეს კი დროში ისედაც გაწელილ საქმეს, წელში ტეხს. უნდა მოხდეს სპეციალისტების გადამზადებაც. დღეს რომ პროფესიული ნიშნით არ ხდება ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნა, ეს ფაქტია.
_ გლეხები საარჩევნოდ პროტესტის გამოხატვაზე საუბრობენ, განსაკუთრებით თხილის ფასის რეგულაციასთან დაკავშირებით ითხოვენ დახმარებას. ეს ფორმა არის საჭირო?
_ პროტესტი არის ბოლო გამოხატულება მიზნის მისაღწევად. ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურმა, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრმა სოფელ-სოფელ უნდა იარონ და ხალხი უნდა დარაზმონ თხილის გადასარჩენად. ფასის რეგულაციას რაც შეეხება, აქ კი ვიტყვი იმას, რომ ძალიან კარგია, რაც დღეს ხდება _ ტეხენ თხილს, ხდება ხარისხიანი პროდუქციის სტანდარტის ჩამოყალიბება და გლეხი ამას უნდა მიეჩვიოს. თხილი გახდა ბიზნესი, ანუ თორმეტი ლარი რომ ღირდა კილოგრამი, გლეხისთვის იყო მომგებიანი, ბიზნესი კი აგებდა. ეს იყო, აფიორა, მე თუ მკითხავთ. რაღაც მაქინაციებით ვიღაც ახერხებდა, მაღალ ფასებში გაეტანა უცხოეთში, რა ხარისხისაც უნდა ყოფილიყო. სხვანაირად მე ამას ვერ ავხსნი, რადგან მსოფლიო ბაზარზე თხილის საშუალო ფასი, ძირითადად, ორი-სამი დოლარით თუ მერყეობს.
დღევანდელი მიდგომა სწორია და უნდა წავიდეს ის დრო, როცა თხილს არავინ არ მიხედა. ამის შესახებ თქვენ, ჟურნალისტებმაც ხშირად უნდა წეროთ, მითითებად ნუ ჩათვლით. ძალიან კარგია, რომ ხშირად აშუქებთ. ამ კულტურამ თავი სტიქიურად დაიმკვიდრა, კარგი იყო თუ ცუდი, ბარდებოდა და მიჰქონდათ. ახლა დაიწყო პროცესი, რომელიც ერთბაშად მტკივნეულია გლეხისთვის, ის ყველაფერში ყველანაირად თავს იმართლებს. მაგრამ ეს პროცესი მივა იქამდე, რომ კილოგრამი თხილის ფასი შვიდი-რვა ლარის ფარგლებში მაინც დარეგულირდება.
ნუ აშინებს ხალხს თხილის გატეხვა ან პრიმიტიული სატეხი მოწყობილობები. მალე იქნება ტენის განმსაზღვრელი მოწყობილობა, დამკვიდრდება უფრო ცივილური ფორმები და თხილი, როგორც ჩაის შემცვლელი კულტურა, ჯერჯერობით, მაინც, კვლავ სოფლის ოჯახების ეკონომიკური სიძლიერის წარმმართველი ძალა იქნება, _ ამბობს დავით თენიეშვილი.