კინორეჟისორი გუგული მგელაძე იგონებდა:
“ერთი ჩემი მეგობარი ოპერატორისაგან მაქვს გაგონილი ეს ამბავი… ყმაწვილკაცობაში, ხევსურეთის რომელიღაც გადაკარგულ სოფელში ექსპედიციაში ყოფილან. ისტორიულ ფილმს იღებდნენ.
გადაღების დასრულების შემდეგ ფილმის გრიმიორმა რიგრიგობით დაუარა მსახიობებს და დაწებებული ულვაშების წაძრობას შეუდგა. ერთი ხევსური უყურებს თურმე ამას გაშტერებული. ხედავს: ერთ კაცს წააძრო თეთრხალათიანმა კაცმა ულვაში, მეორეს, მესამეს…
შეშინებულმა ხევსურმა ჯერ ულვაშზე იტაცა ხელი, მერე კი ისეთი სისწრაფით მოჰკურცხლა გადაღების მოედნიდან, რომ თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა. ეს იყო ქართული კინოს გარიჟრაჟზე. იმხანად ულვაში ქართველი კაცის სინდისის სიმბოლოდ ითვლებოდა”.