„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტმა წარადგინა. კანონპროექტი სტუდენტურ თვითმმართველობებთან და „აუდიტორია 115“-თან ერთად შემუშავდა.
წარმოდგენილი კანონპროექტით, მოწესრიგდება აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის ვადები. ყველა წევრი აირჩევა თანაბარი – 4 წლის ვადით. პირდაპირი არჩევის წესი, რომელიც აქამდე მხოლოდ სენატზე ვრცელდებოდა, ფაკულტეტურ საბჭოებსაც შეეხება. ცვლილებების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მიღება ყველა საფეხურის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტურა) სტუდენტს შეეძლება. კანონპროექტში წერია, რომ სტუდენტებს ექნებათ თანაბარი ხელმისაწვდომობა ტექნიკურ და ფინანსურ რესურსებთან.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, სტუდენტური თვითმმართველობები არ უქმდება, პირიქით, მათ უფრო მეტი ავტონომია მიენიჭებათ. მარიამ ჯაში ამბობს, რომ პირველი მოსმენისას განსახილველი საკითხები სტუდენტებთან შეჯერებული იყო, თუმცა ზოგადად გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები მაინც არსებობს.
სტუდენტები დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე არ იმყოფებოდნენ. აუდიტორია 115-ში ამბობენ, რომ საკომიტეტო ფორმატში მეორე მოსმენას აუცილებლად დაესწრებიან და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.