მომავალი წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში ავტორიზაციის პროცესი დაიწყება. განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ვარაუდობს, რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტების რაოდენობა სავარაუდოდ შემცირდება. ამის შესახებ მან “ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ავტორიზაციის გავლის შემდეგ უნდა იყვნენ მხოლოდ ის უნივერსიტეტები, რომლებსაც აქვთ შესაბამისად მაღალი ხარისხი.
ამასთან, ჩხენკელი აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკთან ერთად უკვე მუშაობენ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რადგან მარტო სტუდენტების მიერ გადახდილი საფასური არ არის საკმარისი მაღალი დონის სწავლების პროცესისთვის.
“დღეს ყველა ფაკულტეტზე სწავლის გადასახადი ერთნაირია იმ დროს, როდესაც ყველას სხვადასხვა თანხა უჯდება სასწავლო პროგრამის განხორციელება. ეს თანაფარდობა რეალურად დარღვეულია. ჩვენ უკვე ვმუშაობთ კონკრეტულ მოდელებზე, რომელსაც მალე წარვდუგენთ საზოგადოებას“, _ აცხადებს მინისტრი.