„ლიდერი შეიძლება ნებისმიერ სფეროში არსებობდეს, გარდა სასამართლო სისტემისა. პოლიტიკოსებმა ლევან მურუსიძე ლიდერად თავად აქციეს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ კონსტიტუციონალისტმა ლევან ბოძაშვილმა.
მისივე თქმით, უზურპირებულ სასამართლო სისტემაში ტოტალური რეფორმები უნდა განხორციელდეს.
„დღეს საკანონმდებლო დონეზე სასამართლო სისტემა უზურპირებულია და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეცენტრალიზაცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ტოტალური რეფორმების გატარებას გულისხმობს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი გაჩნდეს იმედი იმისა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის საფუძველს ჩაეყრება საფუძველი“, _განაცხადა ბოძაშვილმა.
კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
„სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად პარლამენტმა ძალიან მკაფიო პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს, სხვა შემთხვევაში, სასამართლოში არსებული მანკიერი პროცესები მუდმივად გაგრძელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემა არა ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული, არამედ ე.წ. ლიდერი მოსამართლეების ახირებებზე“,_ აღნიშნა ბოძაშვილმა.