ჩოხატაურში და ლანჩხუთში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი შეწყდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ „მედალფაში“ განუცხადეს, კლინიკაში მიტანილი ვაქცინები დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკან წაიღო. ამის მიზეზად კი რეგულაციებში შესული ცვლილება სახელდება.
„რეგულაციები შეიცვალა. ვაქცინაცია აქ აღარ ჩატარდება. ვაქცინები ჩვენგან წაიღეს“,_ გვითხრეს „მედალფაში“.
მომხდართან დაკავშირებით ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო ჯიბუტი „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ რეგიონში კორონავირუსზე ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთი სამედიცინო ცენტრი იქნება.
„ასაცრელი ცენტრები გამსხვილდა და რეგიონში იქნება ერთი ცენტრი. სავარაუდოდ, ვაქცინაცია ოზურგეთში ჩატარდება“,_ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო მენაღარიშვილი გვეუბნება, რომ ვაქცინაციის პროცესი რაიონული ცენტრებიდან რეგიონულ ცენტრში გადაიტანეს მთელ საქართველოში.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსზე ვაქცინაცია გურიაში, ოზურგეთში ჩატარდება.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფაში“ ამბობენ, რომ თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად საჭირო რაოდენობის მედპერსონალი დარეგისტრირდება, აცრებს ჩვეულებრივად გააკეთებენ.
ცნობისთვის, ერთ ფლაკონში 10 ადამიანის ასაცრელად საჭირო დოზაა მოთავსებული, რის გამოც 10-ზე ნაკლები მსურველის აცრა შეუძლებელია, რომ წამალი არ გაფუჭდეს.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსზე ვაქცინაციის გაკეთება ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს არის შესაძლებელი.