„ამ ნაბიჯის გადადგმა, შესაძლოა, ჩემთვის ტრავმაზე მტკივნეულიცაა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა“, – ეს საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ თქვა, რომელმაც 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.
2010 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ დაწყებული კარიერის შემდეგ იყო „ზესტაფონი“, თბილისის „დინამო“, მარტვილის „მერანი“, კვიპროსული „ეთნიკოსი“, ირანული „სია ჯამეგანი“, „საბურთალო“, „სამტრედია“ და ბათუმის „დინამო“. კარიერის მანძილზე იყო საქართველოს ნაკრების კანდიდატიც.
საბანაძე 2019 წლის ზაფხულში მიღებულ ტრავმას მოერია, თებერვალში ვარჯიშიც განაახლა და ეროვნულ ლიგის საწყისი ტურებიც ითამაშა. თუმცა ტრავმა ყოველდღიურად თავს ახსენებდა და კარიერა დაასრულა.
„სერიოზულ დატვირთვაზე ზურგი მტკივდებოდა. ვარჯიშის შემდეგ, მინიმუმ ორი-სამი საათი ისეთი ტკივილები მაწუხებდა, ამის ატანა შეუძლებელი იყო. შეიძლებოდა ასე მეთამაშა, მაგრამ თავს შევირცხვენდი. ამას ვამჯობინე, კაცურად მეთქვა, რომ ამ ტრავმით თამაში შეუძლებელი იყო და წავსულიყავი“,_ ამბობს საქართველოს პირველ არხთან საბანაძე.
მას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა საქმიანობას აირჩევს, თუმცა, მიმართულება მკაფიოდ გაარკვია – „ერთი ის ვიცი, რომ ფეხბურთში დავრჩები, რადგან ეს სფერო მიყვარს და ვიცი. კონკრეტულად რა მიმართულებით წავალ, დრო მაჩვენებს. ვაპირებ სამწვრთნელო და სამენეჯერო ლიცენზიები ავიღო“.
წყარო: 1tv.ge