ოპოზიციური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ცინიზმია. ვაშაძის თქმით, “როგორც ჩანს, კომოს ტბამ მის ხასიათზე იმოქმედა და რაღაც სისულელეებს როშავს, დავუთმობ ვიღაცას მაჟორიტარულ ოლქებსო”. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.
“ქურდებთან კი არ გვაქვს ჩვენ “სხადნიაკი”, რომ რაღაც სიტყვაზე შევთანხმდეთ და აბა, ბიჭებო მოვილაპარაკოთ და ა.შ. კანონი გვინდა, სამართლიანობა გვინდა და პროპორციული წარმომადგენლობა გვინდა პარლამენტში. შენი გულმოწყალება შენთვის შეინახე, კახი, რა. ცოტა აზრზე მოდით, ხალხნო, როგორ ელაპარაკებით საერთოდ საზოგადოებას, არ გცხვენიათ? ქურდები ხართ, რომ გვითმობთ? ვინ ხართ საერთოდ”,– განაცხადა გიორგი ვაშაძემ კახა კალაძის მიერ მმართველი გუნდის დღეს გაჟღერებულ პოზიციაზე.
ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა განცხადებები გააკეთეს. კახა კალაძის თქმით, 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ რიგ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.
ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა. დღესვე ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს, პარლამენტის ეზოში კი სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.