საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დიდი ხანია ცდილობს, განვითარების გზას დაადგეს. რასაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტორების მოზიდვა და სხვა მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ,,ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნიდან მეხუთე წელი უსრულდება. ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული ეკონომიკა. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე და ,,ქართული ოცნების“ ხუთწლიან ეკონომიკურ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის წევრს, მმართველი გუნდის წარმომადგენელს რევაზ არველაძეს ვესაუბრეთ.
_ რამდენიმე დღის წინ ,,სემეკმა“ დენისა და წყლის ტარიფებზე ფასები გაზარდა, როგორ აფასებთ ტარიფების ზრდას?
_ ტარიფების ზრდა რომ მომხმარებელს არ მოსწონს, ნათელია, მაგრამ არსებობს ობიექტური მიზეზები, რომლებიც განაპირობებს მის ზრდას. 2015 წელს ტარიფების ზრდა ლარის კურსის ზრდასთან იყო დაკავშირებული, დღეს კი ტარიფების ზრდაზე ინვესტიციებმა და მისმა მოცულობამ, რომელიც უნდა გახორციელდეს მომავალი სამი წლის განმავლობაში. სწორედ, ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რომლებიც ტარიფების ზრდას იწვევს. დღევანდელი მოცემულობით ტარიფები კატასტროფულად არ გაზრდილა, თითქმის 10%-იანი ზრდა გვაქვს ელექტროენერგიაზე,ობიექტური ფაქტორების გამო. თუ ენერგეტიკული სისტემის გეგმის მიხედვით ვიმსჯელებთ, მხოლოდ ამ სამ წელიწადში გახორციელებული იქნება 600 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო გამანაწილებელი კომპანიების მიერ, დაახლოებით, 300 მილიონი. ჯამში კიდევ ელექტრო სადგურები რომ ავიღოთ მილიარდ ორას მილიონიანი ინვესტიციებიზეა საუბარი, რაც რა თქმა უნდა, ტარიფის მხრივ დადებითად უნდა აისახოს.
_ მოგეხსენებათ, პენსია 180 ლარია, იმ ფონზე, როცა პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა და დენისა და წყლის ტარიფები გაძვირდა, როგორ ფიქრობთ, 180 ლარი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა თვიდან თვემდე თავი გაიტანოს?
_ რა თქმა უნდა, 180 ლარი არ არის საკმარისი პენსიონერისთვის. როდესაც ვიხილავდით 2018 წლის ბიუჯეტს პირადად დავაყენე საკითხი და ვთქვი, რომ როგორმე მოგვეხერხებინა, 20 ლარით მაინც პენსიის ზრდა, თუმცა ბიუჯეტში პენსიის გასაზრდელად სახსრები ვერ მოიძებნა. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტის შემოსავალი, დაახლოებით, სამი მილიარდით იზრდება, ამიტომ 2020 წლისთვის პენსია, დაახლოებით, 50 ლარამდე უნდა გაიზარდოს. შედეგებით არ ვარ კმაყოფილი. ,,ქართული ოცნებისა“ და ზოგადად, პარლამენტის მუშაობით კი არა, შედეგებით. ის პოლიტიკური ძალა , რომელიც აღარ არის ხელისუფლებაში ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს. ინვესტორებიც კი დააფრთხეს და როგორ შეიძლება, ისეთი შედეგი ყოფილიყო, როგორსაც ველოდებოდით.
-,,ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნიდან 5 წელი უსრულდება. როგორ აფასებთ, თქვენს პირობებში ჩამოყალიბებულ ეკონომიკურ მდგომარეობას? და ამჯერად, რა ეტაპზე ვართ ეკონომიკური განვითარების მხრივ?
-საქართველოს ეკონომიკა განვითარების მხრივ რა ეტაპზეა? რა გითხრათ, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი ხუთი ერთ სულ მოსახლეზე ათასი დოლარი გაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ვერ შევძელით კარგი ტემპით გაგვევითარებინა ეკონომიკური მდგომარეობა. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაზე გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, ამიტომ ტემპები განვითარების მხრივ სწრაფი არ იყო. მომავალში იმედია, ხელს არაფერი შეგვიშლის. ოთხ წლიანი გეგმის მიხედვით ბევრად უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა. თუ სახელმწიფოს არ ექნება შემოსავალი, თუ ბიუჯეტი არ გაიზრდება, ვერც სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ვერც თავდაცვისუნარიანობა ამაღლდება და ვერც სხვა მიმართულებები განვითარდება. ამიტომ ძირითადი აქცენტი ეკონომიკის განვითარებაზე უნდა იყოს გაკეთებული.