დადგება მომენტი, როდესაც ქვეყანას ექიმები არ ეყოლება, ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხდა. მან მოსახლეობას გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვირუსის საფრთხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებას შესაძლოა ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს.
„ყველას უნდა ვთხოვო, ეს იქნება ერი თუ ბერი, დავიჭიროთ ფიზიკური დისტანცია. სამი შვილი მყავს და თვენახევარია ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა. უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ. ახალგაზრდები თვითონ გამოძვრნენ, მაგრამ ასაკიანი ადამიანები მიჯაჭვულები არიან ფილტვის ვენტილაციაზე. იხრჩობა ადამიანი და ამ ხრჩობის ყურება ძალიან რთულია ჩვენთვისაც. ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ. სახლში ყოფნისას წყალი, ჩაი ერთმანეთის პირისპირ არ უნდა დავლიოთ“, – განაცხადა რატიანმა.