პროფესიით კინორეჟიროსი გიორგი მენაბდე იმ ადამიანთა შორისაა, რომლებმაც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ვერეს ხეობა დაასუფთავეს.
“პირველ რიგში ვიყავი იმ ახალგაზრდების გვერდით, რომლებიც შრომობდნენ და ასუფთავებდნენ ვერეს ხეობას. პირველივე კადრების ნახვისთანავე ვიგრძენი დიდი ტკივილი. მეორე რიგში იყო ის, რომ ის კადრები მინდოდა დამეფიქსირებინა, რაც ხდებოდა ვერეზე. 5 წლის წინ ვერეს ხეობაში დავინახე დიდი ერთიანობა და ერთმანეთის მიმართ სიყვარული. დავინახე ის, რომ ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია ერთმანეთის გვერდი-გვერდ დგომა და მხარდაჭერა“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს გიორგი მენაბდე.
გიორგი მენაბდემ მოახერხა ისტორიული კადრების გადაღება.
“როდესაც მივედი ვერეს ხეობაში, პირველ რიგში, დავდექი ჩემი თანატოლების გვერდით. პარალელურად გადავწყვიტე ფოტოების და დოკუმენტური ფილმისთვის კადრების გადაღება. ამ ხუთი წლის განმავლობაში საზოგადოების დიდმა ნაწილმა იხილა ჩემ მიერ გადაღებული ფოტოები. მიხარია, რომ გურიაში არაერთხელ მოეწყო ჩემი ფოტოგამოფენა.
რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმს, ამ ეტაპზე უფინანსობის გამო, ვერ ხერხდება დასრულება. მაგრამ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად დადგება ამის დრო და ფილმის პრემიერაზე აუცილებლად დაგპატიჟებთ“, _ გვითხრა გიორგი მენაბდემ.
ფოტოების ავტორი გიორგი მენაბდე