ოზურგეთში მოქმედი თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეიკრიბა. მათ ღიად დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრება, ხელისუფლების მიერ არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.
“ჩვენ ვერთიანდებით გაყალბების წინააღმდეგ“, _ აღნიშნეს მათ შეხვედრაზე.
_ ხელისუფლება, ჩვენი ინფორმაციით, ემზადება გაყალბებისთვის, მიდის საჯარო მოხელეების, ა(ა)იპ დასაქმებულების, ბაღების თანამშრომლების მასობრივი დაშინებების მცდელობები და ფაქტები. გვაქვს ინფორმაცია, ასევე, როგორ მოქმედებენ ერთობლივად კრიმინალები და ხელისუფლება მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რათა დადონ მათთვის სასურველი შედეგი. სწორედ ამისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება, გავერთიანდეთ არჩევნების დღეს ყველა ოპოზიციური პარტია და დავიცვათ ჩვენი ხმები, რადგან ცალ-ცალკე ბრძოლა გაგვიჭირდება იმ მონსტრთან, რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენ, _ ამბობს “ენმ“ ოზურგეთის ლიდერი დავით მჟავანაძე.
როგორც პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გაყალბების მცდელობის შემთხვევაში, ისინი პიკეტირებას მოაწყობენ ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიასთან:
_ აუცილებლად შევქმნით ჯგუფებს და გადავინაწილებთ ფუნქციებს, ეს გაკეთდება უბნებზე და ასევე, გარეთაც. აუცილებელ შემთხვევაში, მოვემზადებით კიდეც დიდი საპროტესტო აქციისთვის, გადავინაცვლებთ საოლქოსთან, დავიწყებთ პიკეტირებას და არ მივცემთ ხელისუფლებას გაყალბების საშუალებას.
“ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ღურჯუმელიძე აღნიშნავს, რომ გაყალბებები, დაშინებები და მსგავსი ფაქტები 2012 წელს, წარსულს ჩაბარდა:
_ ოპოზიცია რომ ერთიანი იყო, აქამდე მალავდნენ. გაერთიანდნენ ისინი, ვინც გაყალბებას სათავეში ედგნენ. ჩვენ ვაპირებთ კონსტრუქციულ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები და პროვოკაციები, პირიქით, არ იყოს მათი მხრიდან.