ექსპერტების საბჭომ იმსჯელა, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად და გაუწია რეკომენდაცია ასტრაზენეკათი ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ, – ამის შესახებ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„დღეს ექსპერტების საბჭომ იმსჯელა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად და გაუწია რეკომენდაცია ასტრაზენეკათი ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, გამომდინარე ქრონიკული დაავადების არსებობიდან ან იმ კუთვილებიდან, რომელიც მის რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ესენციური სერვისების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები. ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკათი“ გაგრძელდება 55 წელის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ახლაც მიმდინარეობს, შემდგომი გაფართოება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ამ ეტაპისთვის ასტრაზენეკათი აღარ მოხდება,“ – განაცხადა გაბუნიამ.
ამასთანავე, გაბუნიას თქმით, ვინც ასტრაზენეკათი ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, უსაფრთხოდ შეუძლია მიიღოს ვაქცინის მეორე დოზაც, შესაბამისი ინტერვალის გასვლის შემდეგ და ეს ეხება ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელს.
„რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მომდევნო ვაქცინაციას ისევ ასტრაზენეკათი, ამ შემთხვევაში, რეკომენდაცია რაიმე ცვლილების შესახებ საჭირო არ არის და არ არსებობს, ამდენად, ის, ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა პირველი დოზა ვაქცინაციის, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზა ვაქცინის, როცა მას მოუწევს 8 -დან 12 -კვირიანი ინტერვალით,“– განაცხადა გაბუნიამ.
EMA-ში აცხადებენ, რომ ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბოზის იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი აღმოაჩინეს, თუმცა ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკებს აჭარბებს.