ოზურგეთში საახალწლო განწყობას ქმნიან _ თეატრალურ მოედანზე უკვე დაიდგა მთავარი ნაძვის ხე და ამ ეტაპზე განათებების მონტაჟიც მიმდინარებს.
ნაძვის ხე დაიდგა გმირთა მოედანზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ბუნებრივია _ როგორც ირკვევა, ვიღაცამ ახალი წლის გასალამაზებლად ახალგაზრდა ნაძვი მოჭრა და გმირთა მოედანზე დადგა.
ვინ და სად მოჭრა ნაძვი, არავინ იცის. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ვლადიმერ სალუქვაძის თქმით, მას მხოლოდ ნაძვის ხის აწყობა დაავალეს.
სალუქვაძემ არც ის იცის, როგორც აღმოჩნდა ჯანმრთელი ნაძვი გმირთა მოედანზე და მხოლოდ იმას ამბობს, რომ საახალწლო მორთულობის გაკეთების დავალება მან ოზურგეთის მერის მოადგილისგან, ოსიკო თოთიბაძიდან მიიღო.
თოთიბაძე დავალების გაცემას ადასტურებს და ამბობს, რომ ნაძვის ხე მერიას საჩუქრად გადასცეს:
_ ლამაზად გვინდა ქალაქის მორთვა და იმიტომაც დავდგით ნაძვის ხე გმირთა მოედანზეც. რამდენადაც ვიცი, ვიღაცამ საჩუქრად მოიტანა. თუმცა ვინ, არ მახსოვს. გავარკვევ და დაგირეკავთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოთიბაძემ გუშინ, 19 დეკემბერს, საღამოს 17 საათზე საუბრისას.
თუმცა, თოთიბაძეს მოგვიანებით აღარ დაურეკავს და არც ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ანალოგიურად მოიქცა შარაშენიძის კიდევ ერთი მოადგილე ირაკლი სირაძე, რომელმაც თოთიბაძის მსგავსად გვითხრა, რომ არ იცოდა მჩუქებლის ვინაობა, გაარკვევდა და შეგვატყობინებდა, თუმცა, მოგვიანებით ტელეფონი საერთოდ გამორთო.
იმის დასადგენად, რამდენად კანონიერად და ვის მიერ მოიჭრა ახალგაზრდა ნაძვი, ვეცადეთ ოზურგეთის მერს დავკავშირებოდით _ შარაშენიძემ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
„გურია ნიუსი“ გარემოს დაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებსაც დაუკავშირდა. ორივე უწყებამ მოკვლევა უკვე დაიწყო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით ქალაქის მერი უკვე გამოიკითხა:
_ მერმა ჩვენს წარმომადგენლებს უთხრა, რომ ნაძვი საჩუქრად ერთ-ერთმა მოქალაქემ გადასცა. ჩვენ დავიწყეთ თემის შესწავლა და ვადგენთ, ჰქონდა თუ არა მჩუქებელს ხის მოჭრის უფლება, არსებობდა თუ არა ტრანსპორტირების ნებართვა, არის თუ არის ნაძვის ეს ჯიში წითელ ნუსხაში შეტანილი. ამ ყველაფრის დადგენას დროს სჭირდება, რადგან ასაღებია კოორდინატები, გამოსაკითხია მონაწილე პირები. როგორც კი შედეგები გვექნება, აუცილებლად შეგატყობინებთ, _ გვითხრეს გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურში.