თბილისობის ფარგლებში, „თბილისზე მზრუნველის“ ჯილდო, წელს, ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ 9 ადამიანს გადასცა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს ქალაქზე ზრუნვა.
დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელის დღეს, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა, გამარჯვებული კანდიდატების შესახებ მოკლემეტრაჟიანი საინფორმაციო ფილმის ჩვენებაც შედგა.
წელს „თბილისზე მზრუნველის“ ჯილდო შემდეგ ადამიანებს გადაეცათ:
ჰამლეტ ჟიჟიაშვილი _ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კურირებდა;
ციალა ჩხაიძე _ 96-ე ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებელი, რომელსაც 51 წლის მუშაობის სტაჟი აქვს;
მზია ნადირაძე _ რამდენიმე სამეცნიეო ნარკვევის და სამუზეუმო პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სტატიების ავტორია, გარდა ამისა, 40 წელია, რაც ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნავს;
რესტავრატორი ლევან რევაზაშვილი _ მისი ხელმძღვანელობით გაკეთდა მწერალთა სახლის აივნები, გარე ფასადის ფანჯრები, ასევე, შიდა დარბაზები;
დავით გრძელიძე _ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
ელგუჯა მარკოზიშვილი- „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის „ელ. დეპო“ ნაძალადევის“ ნომერი 1 კომპლექსური შეკეთებისა მომსახურების საამქროს ტექნიკოსი, რომელიც გახსნის დღიდან მეტროპოლიტენის თანამშრომელია;
ლევან ჯღარკავა _ შპს „თბილსსერვის“ ჯგუფის დირექტორი;
დავით შონია _ კომპანია „ბლექ სი გრუპის“ წარმომადგენელი და პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის მენეჯერი;
ბადრი ვადაჭკორია _ ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი და დიპლომატი.
აღსანიშნავია, რომ ვადაჭკორიამ „თბილისზე მზრუნველის“ გამარჯვებულებს საჩუქრად საკუთარი წიგნი _ „ეს თბილისია“ გადასცა.
როგორც ის „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, გამარჯვებულებისთვის წიგნის ჩუქებით ვეცადე, რომ „თბილისზე მზრუნველის“ პრესტიჟი ამეწია.
„ამ ადამიანებს უამრავი რამ აქვთ გაკეთებული თბილისისთვის, ამ შემთხვევაში ჩემს თავს არ ვგულისხმობ, ჩემი საქმე კიდევ სხვაა. ყოველშემთხვევაში, არიან ადამიანები რომლებიც არაფერს არ ითხოვენ და ისე მუშაობენ. კარგი პროექტია, საერთოდ ყველა ჯილდო აროს წამახალისებელი. უფრო მეტ სტიმულს აძლევს ადამიანს და სურვილს უჩენს უფრო მეტად იმუშაოს, როცა მის შრომას ხედავენ და აფასებენ. გამარჯვებულებისთვის წიგნის ჩუქებით ვეცადე, რომ „თბილისზე მზრუნველის“ პრესტიჟი ამეწია. რადგან ძვირადღირებული წიგნია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს ჩუქნიან ან ქორწილში ჩუქნიან „ვეფხისტყაოსნის“ მსგავსად. საერთოდ ჩემი და ჩემი წიგნის დანიშნულებაც ისაა, რომ ქართველს შევაყვარო საქართველო და თბილისელს შევაყვარო თბილისი. ამ შემთხვევაში ჩემს მეგობრებს, თანამოაზრეებს, ამ პროექტში გამარჯვებულებს გავუკეთე საჩუქარი“,_ამბობს ვადაჭკორია.