საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ განიხილეს.
მომხსენებელმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ განმარტა, რომ ცვლილებების ნაწილი მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობას ეხება.
„დღეს, როგორც ელექტრონულ, ისე სამაუწყებლო მედიაში საინფორმაციო ველი გახდა რთულად აღსაქმელი და გასარჩევი. მათ შორის რთული გახდა პროპაგანდისტულ მესიჯებზე რეაგირება. მედიაწიგნიერება კი გულისხმობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რომ მას გაუჩინო კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ვახტანგ აბაშიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამაზე ევროპული ქვეყნები დიდი ხანია მუშაობენ. შექმნილია პროგრამები და არსებობს სამეცნიერო და ანალიტიკური კვლევები ამ მიმართულებით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის, პროექტით განსაზღვრული მედიაწიგნიერების განვითარების ხეელშეწყობის ახალი ფუნქციის დამატება შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას საჭიროებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, დამატებითი კონსულტაციების გამართვა ჩათვალა მიზანშეწონილად.