უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ იარსებებს კითხვები, კომისია პასუხების მისაღებად იუსტიციისა და შს მინისტრებსაც დაიბარებს:
„იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი, ეს არის აუცილებელი პროცესი და ჩვენ კიდევ ბევრჯერ გვექნება მსგავსი შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან. მოვისმინეთ მათი შეკითხვები, თუ რა კუთხით ვიმუშავებთ. ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ვიქნებით მაქსიმალურად საჯარო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება კანონით“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, კომისიაზე დაბარებული იქნება ყველა ის პირი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან შეხებაშია.
„რომ არ დავიწყოთ გამოცნობანა ვის დავიბარებთ, ვის არ დავიბარებთ, სად გავა კომისია და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვის მიმართაც შეიძლება გაჩნდეს ინტერესი ამ კომისიის ფარგლებში, საქმის მასალებიდან და კომისიის მუშაობიდან გამომდინარე, იქნება დაბარებული. ამას ითვალისწინებს კანონი და ამის გარანტიას ვიძლევი მეც და ამ კომისიის უმრავლესობაც. არავის მიმართ თვალს არ დავხუჭავთ, ეს არის ცალსახა და ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რამდენჯერმე გავიმეორეთ ჩვენც ამ კომისიის შექმნის ინიციატორმა – „ევროპულმა საქართველომ“, კითხვები არის კონკრეტული ადამიანების მიმართ ამ წუთში, ბატონი სუბელიანის, ბატონი შოთაძის, სხვადასხვა გვარები ჟღერდება. წულუკიანის მიმართ გაჩნდება კითხვები, წულუკიანს დავიბარებთ, გახარიას მიმართ გაჩნდება კითხვები, გახარიას დავიბარებთ – განაცხადა კაპანაძემ.
დეპუტატის განმარტებით, კომისიის ფუნქცია არა ვინმეს დაჭერა, არამედ ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევაა.
„ჩვენი ფუნქცია არ არის ვინმეს დაჭერა, ჩვენი ამოცანაა ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა. კომისიის სხდომაზე მოვლენ ის ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები არსებობს, ირაკლი შოთაძე იქნება, მირზა სუბელიანი იქნება, თუ სხვა, მათ შორის არც თეა წულუკიანია გამორიცხული. ამას ყველაფერს გადაწყვეტს კომისია“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ კომისია რეალურად ხვალიდან იწყებს მუშაობას და მასთან მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძეც ითანამშრომლებს.