სოციალური მომსახურების სააგენტომ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპი დაიწყო.
პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის ზემოთ, რომლებიც რეგისტრირებული არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან გაიარონ მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო კურსი.
რა არის www.worknet.gov.ge, რამდენი ხანია არსებობს, რამდენი ადამიანი დასაქმდა „ვორქნეტის“ მეშვეობით_ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ბეზარაშვილი ესაუბრა.
„www.worknet.gov.ge დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საინფორმაციო სივრცეა. ის დაახლოებით 4 წელია, რაც შეიქმნა. ვორქნეტი არსებობის პირველი დღიდან დროთა განმავლობაში თანდათან იხვეწება. ვცდილობთ, რომ უფრო გავამარტივოთ და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის. რეგისტრირდებიან როგორც დამსაქმებლები, ასევე სამუშაოს მაძიებლები. რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით. თუმცა, ადამიანებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, ფილიალებს შეუძლიათ ესტუმრონ, სადაც დასაქმების კონსულტანტი დაარეგისტრირებს. ხშირია შემთხვევა, როცა დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი ერთმანეთს ჩვენი გვერდის ავლით უკავშირდება, ამიტომ არ გაქვს ჩვენი გვერდის საშუალებით დასაქმებული ადამიანების ზუსტი სტატისტიკა. დარწმუნებული ვარ, დასაქმებულების რაოდენობა ჩვენს მონაცემებზე გაცილებით მეტია“, _ა მბობს ბეზერაშვილი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, რომ საიტზე რეგისტრირება პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, ყველა სოციალურად დაუცველისთვის სავალდებულოა.
გარდა ამისა, დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაცია სიახლეების შესახებ მისდით, რაც სამუშაოს მოძებნას ამარტივებს.
„საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, 69 მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ვორქნეტზე დარეგისტრირებულ ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში მისდით ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რასაც დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. გარდა ამისა, ვორქნეტი გახდა სავალდებულო, რადგან პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ბრძანებით ყველა სოციალურად დაუცველი უნდა დარეგისტრირდეს. ის ადამიანი, რომელიც სოციალურ სააგენტოში შეიტანს განაცხადს ქულების მინიჭების შესახებ, 30 დღის განმავლობაში უნდა დარეგისტრირდეს, ისე ქულების საკითხი არ განიხილება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვორქნეტზე რეგისტრაცია ქულების ან შემწეობის მოხსნას განაპირობებს. უბრალოდ, ვორქნეტზე რეგისტრაციით ვცდილობთ ასეთი კატეგორიის ადამიანების ჩართვას დასაქმების სერვისებში, რომ ხელი შევუწყოთ სიღარიბის ზღვარის დაძლევას. რადგან უფასოდ შეუძლიათ იმ პროგრამების მიღება, რასაც სტაჟირება ჰქვია“, _ამბობს ბეზარაშვილი.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი „გურია ნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, თბილისის მოსახლეობასთან შედარებით, რეგიონებში მაცხოვრებლები პასიურობენ, რაც შეეხება გურიას, სამუშაო ადგილების ნაკლებობაა.
„რეგიონები ნაკლებად აქტიურები არიან, ვიდრე თბილისის მოსახლეობა. თუმცა, იმათ ნდობასაც თანდათან ვიპოვებთ. კარგი შედეგები გვაქვს იმერეთში, კახეთში, თბილისსა და მის შემოგარენში. გურიაში, რა თქმა უნდა, არის ცენტრები და გუნდი, რომელიც სერვისებზე მუშაობს და მოსახლეობას ეხმარება, მაგრამ სამუშაო ადგილი ნაკლებია. თუმცა, ახალ პროგრამებში უკვე ჩართულები არიან. სამკერვალო იქნება თუ სამშენებლო პროექტი მოსახლეობას დასაქმების საშუალება ჩვენი პროგრამით ეძლევა“, _ ამბობს ბეზერაშვილი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, www.worknet.gov.ge -ზე
v სულ რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი – 161 611;
მათ შორის, აქტიური – 136 307;
v თანამშრომლობა 900-მდე დამსაქმებელთან მათ შორის, პორტალზე რეგისტრირებულია 432;
v 2017 წელს წარმოდგენილი ვაკანსიები – 5711;
v 2017 წლის მონაცემებით დასაქმდა 1775 სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის, 102 შშმ პირი;
v 2018 წელს I კვარტლის მონაცემებით წარმოდგენილი ვაკანსიები – 2167;
v 2018 წლის I კვარტლის მდგომარეობით დასაქმდა 482 სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის, 42 შშმ პირი;
კითხვაზე, თუ რატომ არის სხვაობა წარმოდგენილ ვაკანსიებსა და დასაქმებული ადამიანების რაოდენობას შორის 2018 წლის I კვარტლის მონაცემებში, ბეზერაშვილი გვპასუხობს, რომ ხშირად მოსახლეობა გასაუბრებაზე არ მიდის, რაც დაბალი ხელფასით არის გამოწვეული და მთავრობის მიერ დანიშნული შემწეობის მიღებას არჩევენ.
„ძალიან ხშირად მოსახლეობა, რომელიც ამბობს რომ უნდა მუშაობა არ ცხადდება ჩვენს გასაუბრებაზე. ხშირად ფორუმზეც კი არ მოდიან იმ რაოდენობით, ვიდრე ვატყობინებთ. ურჩევნიათ მიიღონ შემწეობა და სხვადასხვა სახის დახმარება მუდმივად სახელმწიფოსგან და ნაკლებად იყვნენ ჩართულები ჩვენს პროგრამაში. არ უღირთ 400-500 ლარიან ანაზღაურებაზე მუშაობა. ხანდახან კვალიფიკაციის დონე არ აკმაყოფილებს დამსაქმებლის მოთხოვნას და ამიტომ გვაქვს მომზადება-გადამზადების პროგრამა, სტაჟირება, რომ გადამზადდნენ და დასაქმდნენ“, _ამბობს ბეზერაშვილი.