2018 წელს საატესტატო გამოცდებში 49 ათასი მოსწავლიდან 11 ათასზე მეტმა მოსწავლემ მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეები, რომლებმაც ვერც წინა წლებში გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე საგანში.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებიდან გახდა ცნობილი, წელს მოსწავლეებს ყველაზე მეტად უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდების ჩაბარება გაუჭირდათ, ამ საგნებში ბარიერი მოსწავლეთა 12-12%-მა ვერ გადალახა. რაც შეეხება სხვა საგნებს, ისტორია 4%-მა ვერ ჩააბარა, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ზღვარი 3%-მა ვერ დაძლია.
,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად საგანგაშოა არსებული მონაცემები. თემაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს ივა მინდაძეს ვესაუბრეთ. როგორც მინდაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, განათლების სისტემაში ვითარება საგანგაშოა, რასაც, მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს.
,,განათლების სისტემა დახვეწასა და გაუმჯობესებას საჭიროებს, რასაც გამოსაშვები გამოცდის შედეგებზე მეტად ის სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევები მეტყველებს, რომლებიც ქვეყანაში ტარდება. კერძოდ, კვლევები მოწმობს, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს სხვადასხვა კლასში. მეოთხე კლასელებს უჭირთ კითხვა, არ აქვთ საბაზისო ცოდნა, იგივე ვითარებაა მერვე კლასში, ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ მე-12 კლასში მოსწავლეებს უჭირთ გამოცდების ჩაბარება. რაც შეეხება 2018 წლის საატესტატო გამოცდების შედეგებს, ვფიქრობ, საგანგაშო ვითარება არის განათლების სისტემაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ამ გამოცდების შედეგებმა აჩვენა, არამედ იმიტომ, რომ ყველა კვლევა მეტყველებს განათლების სისტემაში არსებულ არასახარბიელო ვითარებაზე“,_ გვითხრა მინდაძემ.
ცნობისთვის, 2018 წლის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურად 11 ათასია. ჩაჭრილი 11 ათასი მოსწავლიდან წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას 2500-მდე ახალგაზრდა გეგმავდა.