რამდენიმე დღის წინ სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულებულ ევროპის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, რომელმაც ჩვენი კონტინენტის ჩემპიონის წოდება მესამედ მოიპოვა.
გუშინ ცნობილი გახდა რომ ქართველის ფინალური ორთაბრძოლა რუს ახმედ ჩაკაევთან „თავისუფალთა“ ტურნირის საუკეთესო შერკინებად დასახელდა.
ცოტა ხნის წინ მოსკოვის „სპარტაკი“ რუსეთის ჩემპიონი ვადამდე გახდა. ამ კლუბში საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ასპარეზობს. გუშინ რუსულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა რომ ჯანომ გამარჯვებულის ტიტული გარდაცვლილი მამის ხსოვნას მიუძღვნა.
„მამა, ეს გამარჯვება შენ გეძღვნება. ყოველთვის დარჩები ჩემს გულში“ – დაწერა ჯანომ ინსტაგრამის გვერდზე.
აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი ოფის სტადიაზე ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტი“ კონფერენციის ფინალში გავიდა. ოკლენდურმა გუნდმა ნახევარფინალში კლუბ „იუტას“ ოთხივე მატჩი მოუგო. ზაზა პირველი ქართველი მოთამაშეა რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კონფერენციის ფინალში ითამაშებს. იქ წარმატების შემდეგ კი უკვე ფლეი ოფის გადამწყვეტ სტადიაზეც იასპარეზებს. კონფერენციის ფინალში „გოლდენ სტეიტის“ მეტოქე „სან ანტონიოსა“ და „ჰიუსტონს“ შორის გამარჯვებული იქნება. ხუთი ჩატარებული მატჩის შემდეგ წინ „სან ანტონიოა“ – 3:2.
ტურინის „იუვენტუსი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. „ბებერმა ქალბატონმა“ გუშინ საფრანგეთის „მონაკოს“ მეორე ნახევარფინალური შეხვედრაც მოუგო – 2:1.
დღეს კიდევ ერთი განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი შედგება. მადრიდის „ატლეტიკო“ თანაქალაქელ „რეალს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი მატჩი „სამეფო გუნდის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 3:0. დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს „იუვენტუსი“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან.
რადგან სიტყვამ „რეალი“ მოიტანა, ესპანურ მასმედიაში გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ამ გუნდის უელსელი მოთამაშე გარეთ ბეილი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურს მოირგებს. გამოცემა „Marca“-ს მტკიცებით, ბეილი მანჩესტერული გუნდის ამჟამინდელ თავკაცს ჟოზე მოურინიოს უკვე ესაუბრა და კარიერის მის გუნდში გაგრძელებასაც შეპირდა. უახლოეს დღეებში “მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „რეალის“ ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდებიან და ბეილის სავარაუდო ტრანსფერზე მოლაპარაკებას დაიწყებენ.
გუშინვე ცნობილი გახდა რომ დიდი ალბათობით ახალი სეზონიდან ლონდონის „არსენალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ლონდონურ გუნდში ფრანგი არსენ ვენგერის მრავალწლიანი ეპოპეა სრულდება. მუსიე არსენი სავარაუდოდ ისტორიულ სამშობლოში – საფრანგეთში დაბრუნდება და კარიერას იქ გააგრძელებს.
„არსენალის“ მესაჭეობას კი კლუბი „მონაკოს“ ამჟამინდელ დამრიგებელს, 42 წლის პორტუგალიელ ლეონარდო ჟარდიმს უწინასწარმეტყველებენ.
გუშინ ბრიტანულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა რომ ცნობილი ველომრბოლელი, „ტურ დე ფრანსის“ სამგზის გამარჯვებული კრის ფრუმი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა, მას შემდეგ, რაც ვარჯიშისას მანქანა დაეჯახა. ინციდენტი მონაკოში მოხდა, სადაც 31 წლის მრბოლელი ცხოვრობს.