„ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს თბილისში და სხვა რაიონებშიც საზოგადოებრივი აზრის შესწავლაზე და აქედან გამომდინარე გადაწყდება, თუ ვინ იქნება კანდიდატი და არა იქიდან გამომდინარე, ახლოს ვარ თუ არა მე ვინმესთან,“ _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას გამგებლებისა და მერების თემაზე საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი.
მისივე თქმით, ჯერ არავის კანდიდატურა არ გადაწყვეტილა, მათ შორის, არც თბილისის მერობის:
_ ვნახოთ, თუ დასახელდება კახი კალაძის კანდიდატურა. ვფიქრობ, რომ კანდიდატურების დასახელებამდე გარკვეული დრო გვექნება. გეთანხმებით, რომ კალაძის თემა განიხილება, მაგრამ შეიძლება ისეთივე მოწყვეტილია სინამდვილეს, როგორც მუნიციპალიტეტების გამგებლებლობის კონკრეტული კანდიდატი. რეალურად არც კალაძე და არც სხვა ხელმძღვანელი პირი არ არის შერჩეული და არც ლობირება მიდის რომელიმე კანდიდატის, _ აღნიშნა ვოლსკიმ.
_ თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული დაუჭერდით კახი კალაძეს მხარს?
_ მე ძალიან მომწონს კახი. ჩამოყალიბებული, პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს თბილისში და სხვა რაიონებშიც საზოგადოებრივი აზრის შესწავლაზე და აქედან გამომდინარე, გადაწყდება კანდიდატურები და არა იქიდან გამომდინარე, ახლოს ვარ მე ვინმესთან თუ არა.
_ ბატონო გია, თქვენ თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი ხართ.. იცნობთ თბილისის რეალობას. საინტერესოა, მოგწონთ თუ არა დავით ნარმანიას საქმიანობა და როგორც ჩვეულებრივი ამომრჩეველი დაუჭერდით თუ არა მას მხარს?
_ მგონია, რომ ნარმანიამ ბევრი კარგი რამ გააკეთა. ძალიან აქტიური იყო საქმიანობაში, მაგრამ ძალიან პასიური და ძალიან უსუსური იყო, როდესაც მის მიერ გაკეთებული საქმიანობის წარმოჩენა იყო აუცილებელი. არ მინდა ჩამოვიდე ისეთ პრიმიტიულ თემაზე, როგორიც არის პიარი, მაგრამ ქალაქის მერია ძალიან რთული სისტემაა და ამ სისტემის გაუმჯობესებისათვის, ბიუროკრატიული სისტემის დახვეწისათვის გაცილებით მეტი აქვს გასაკეთებელი მომავალ მერს.
_ და ამ ფონზე, ნარმანიას დანიშვნა აუდიტის სამსახურის უფროსად სწორად მიგაჩნიათ?
_ ეგ თვითონ თქვა, რომ რაღაც საკითხი შეიძლება განიხილებოდეს, მაგრამ მე არ გამიგია ეგეთი.
_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თორიას შემცვლელად ნოდარ ჯავახიშვილი მოიაზრება…
_ ინფორმაციები ძალიან ბევრი გექნებათ. ასევე, ძალიან ბევრი მოარული ხმა იქნება. წარმოიდგინეთ, რომ ზის პოლიტსაბჭო, სტრუქტურა ან რაღაც, რომელიც ამ თემას იხილავს და რა ძალა არსებობს ისეთი, რომელიც ინფორმაციას გარეთ გამოიტანს? _ არანაირი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი, ლეგიტიმურია და წაადგება კიდევაც საქმეს, თუ მედია თავის მოსაზრებებს, განსკუთრებით თუ ეს მოსაზრებები საფუძვლიანია, განსახილველად შესთავაზებს საზოგადოებას და ამაზე არავინ არ უნდა დაიძაბოს, ნერვები არავის არ უნდა აეშალოს. იყოს, ყველანაირი სიტყვა შემოვიდეს _ ეს განაპირობებს იმას, რომ კიდევ დამატებითი ინფორმაცია შემოვა _ ვინ როგორია და ვის კანდიდატურას როგორ აფასებს საზოგადოება. ასე რომ, მედიამ რომც გადააჭარბოს თავის ე.წ. პროგნოზებში, ამაში ცუდი არაფერია არის და მე ნამდვილად მომხრე ვარ ასეთი განხილვების. მითუმეტეს, თუ ლოგიკასთან ახლოს არის და თქვენი მედიასაშუალება ძირითად შემთხვევაში, საკმაოდ ლოგიკურ ანალიზს აკეთებს, _ აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიას მალე შემოგთავაზებთ.