მოსამართლეების უვადოდ განმწესებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე “იმედის კვირასთან” გამოეხმაურა. მიქაუტაძის თქმით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია, თავად პრემიერი კი, შესაძლოა, უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს.
“მოვისმინე პრემიერის განცხადება და ვფიქრობ, რომ შესაძლოა მას არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, არ მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია. სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. ის ვერცერთი ხელისუფლების დაქვემდებარებაში ვერ იქნება”, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.
მიქაუტაძის განმარტებით, არ არსებობს პრეცედენტი, რომლის თანახმადაც ჯაშუშობის ბრალდებისთვის დაკავებულისთვის აღვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მოსამართლის მიერ მიღებული.
მისივე თქმით, როგორც თეთრაძის საქმის, ასევე სულხან მოლაშვილის საქმის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უფლებამოსლებები და კომპეტენციები სასამართლო ხელისუფლებასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ 44 მოსამართლე 22 თებერვალს დანიშნა. უვადოდ განმწესებულ მოსამართლეთა 44-კაციან სიაში სულხან მოლაშვილისა და სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლეებიც მოხვდნენ.
უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით 23 თებერვალს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველ გუნდშიც არსებობს კითხვები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. “ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, საჯარო პასუხი”, _ განაცხადა პრემიერმა.