გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ამბობს, რომ შესაძლოა, გურიაში, Levis-ის ჯინსები შეიკეროს. მხარის პირველი პირის თქმით, პაკისტანური კომპანიიის “Malik Textile”, წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„პაკისტანური კომპანია “Malik Textile”, რომელიც Levis, Tommy Hilfiger, Wrangler და ა.შ. ბრენდის ჯინსებს აწარმოებს, საქართველოში სამკერვალო ფაბრიკის გახსნის შესაძლებლობას სწავლობს და სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონებში მართავს. გახსნის თუ არა კომპანია ფაბრიკას საქართველოში, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.
ამ მიზნით, კომპანიის დირექტორი ამჟად მალიკი, სამუშაო ჯგუფთან ერთად ოზურგეთში იმყოფებოდა. გაეცნენ ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურას და დაათვალიერეს პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“, სადაც ფაბრიკაში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადებაა შესაძლებელი. ასევე, მიიღეს სხვადასხვა ინფორმაცია სამთავრობო პროგრამებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ, რომლებსაც ინვესტორებს მთავრობა სთავაზობს,“ _ ამბობს ჩვენთან საუბრისას გია სალუქვაძე.
“ეს არის სოციალური პროექტი და ბოლო მიმოწერებით ყველაფერი გადაწყვეტილია. თურქული მხარე აპირებს “ადიდასის” და “ნაიკის” პროდუქციის მწარმოებელი საწარმოს გახსნას, რომლის მსგავსიც უკვე ფუნქციონირებს ხელვაჩაურში.
დასაქმდება 400 ადამიანი. ამ პროექტის გახორციელებით გვინდა, რომ თურქეთში წასული ქალები დაუბრუნდნენ თავიათ საცხოვრებელ ადგილს,” _ განაცხადა გუბერნატორმა 2015 წლის ბოლოს, 2016 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს.
თუმცა, როგორც დღეს გავარკვიეთ, საუბარია Zara-სა და Mango-ზე:
„კომპანია „Ena Textile“-ს წარმომადგენლებმა რამდენიმე ვიზიტი განახორციელეს გურიაში. მათ მიზანს 1 000 კაციანი სამკერვალო ფაბრიკის აშენება წარმოადგენს, სადაც Zara-სა და Mango-ს ბრენდის ტანსაცმელი შეიკერება. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სამთავრობო პროგრამების და საგადასახადო შეღავათების შესახებ, რომლებსაც მთავრობა სთავაზობს ინვესტორებს. გაეცნენ კომუნალურ ტარიფებს და მხარის ზოგად სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, იმყოფებოდნენ პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“, სადაც ფაბრიკაში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება გახორციელდება. სამუშაო ჯგუფმა დაათვალიერა ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა და ის სავარაუდო ადგილები, სადაც ფაბრიკის გახსნა იქნება შესაძლებელი. მოხდა სავარაუდო შენობის დაგეგმარების შესწავლა, ნახაზების გაკეთება და ვიზუალურად დეტალური შესწავლა.
სამხარეო ადმინისტრაციასა და თურქულ მხარეს შორის ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაცვლა. ველოდებით მათი მხრიდან ფაბრიკის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას,“ _ გვითხრა გურიის გუბერნატორმა.