ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დასრულდა ევროპის მორიგი პირველობა ნიჩბოსნობაში. ამ შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთმა გმირმა პლოვდივში 200 მეტრიან დისტანციაზე მესამე ადგილი დაიკავა. ზაზა მხოლოდ ლიტველ და რუს სპორტსმენებს ჩამორჩა.
იაპონიის ქალაქ ნაგოიაში სუმოისტთა საზაფხულო ბაშო მიმდინარეობს. რვა დღის შემდეგ ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) აქტივში ოთხი გამარჯვება და ამდენივე მარცხია. რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს. გაგამარუ წარუმატებლად გამოდის. მის ანგარიშზე მხოლოდ ორი მოგება და ექვსი მარცხია. დიდი ალბათობით გაგამარუ კვლავ ქვედა დივიზიონში დაქვეითდება.
გუშინ დაიწყო რუსეთის პრემიერლიგის მორიგი საფეხბურთო პირველობა. ამ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებში არაერთი ქართველი მოთამაშე ირიცხება. ჯიმი ტაბიძის „უფამ“ სტუმრად პირველობის დებიუტანტ „ტოსნოს“ სძლია – 1:0. ქართველი მინდორზე 90 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ჯაბა ლიპარტიას „ანჟი“ საკუთარ კედლებში მოსკოვის „ცსკა“-სთან დამარცხდა – 1:3. ლიპარტიამ დაღესტნური გუნდის რიგებში პირველი 56 წუთი ითამაშა.
რუსეთის პირველ ლიგაში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ორენბურგი“ სტუმრად მოსკოვის „სპარტაკის“ მეორე გუნდს დაუპირისპირდა და დამარცხდა – 0:1.
საქართველოს ეროვნული გუნდის მოთამაშე ჯანო ანანიძემ კი რუსეთის სუპერთასი მოიპოვა. მისი „სპარტაკი“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ შეხვდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 0:0 დასრულდა. დამატებით 30 წუთში „სპარტაკმა“ იმარჯვა – 2:1. ჯანო ანანიძე თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. „ლოკომოტივის“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ.
ლონდონის „ჩელსიმ“ ფრანგული „მონაკოს“ 22 წლის მცველ ტიემუა ბაკაიოკოსთან ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. ფრანგული გუნდი ბაკაიოკოს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს.
კატალონიურმა „ბარსელონამ“ პორტუგალიური „ბენფიკას“ 23 წლის მცველი ნელსონ სემედუ შეიძინა. მისი გადმობირება კატალონიელებს 30 მილიონი დოლარი დაუჯდათ.
ესპანურმა „სევილიამ“ „მანჩესტერ სიტიდან“ 30 წლის თავდამსხმელი ნოლიტო შეიძინა. ნოლიტომ ანდალუსიურ გუნდთან ხელშეკრულება 2020 წლამდე გააფორმა.