ზოგად უნარებში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გაალახა, ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადი უნარების შედეგები 12:00 საათიდან გახდება ცნობილი.
როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადი უნარების გამოცდა ელექტრონულად სწორდება, მისი შედეგები ყველაზე ადრე გამოქვეყნდება.
ამასთან, აპლიკანტებს, ეროვნული გამოცდების ვებ-გვერდზე, www.nace.gov.ge-ზე საკუთარი ნაშრომებისა და სტატისტიკური ანალიზის ნახვა შეეძლებათ. დღის მეორე ნახევრიდან კი, სტატისტიკური მონაცემიც გახდება ცნობილი. ზოგად უნარებში, ტესტის ოთხი ვარიანტი იყო.
მაია მიმინოშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ ყველაზე რთული მესამე ვარიანტი აღმოჩნდა, ამიტომ დანარჩენი ვარიანტებისგან განსხვავებით, ყველაზე რთული ვარიანტის გამსვლელი ქულა იქნება 21, ხოლო სხვა ვარიანტების კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ისევ 24 ქულა დარჩება.
ამასთან, მისივე თქმით, ზოგად უნარებში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა. ეს მაჩვენებელი, წინა წლებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.
„რამოდენიმე გამოცდის შედეგი უკვა მზა არის, ანუ გასწორების პროცესი დასრულდა, თუმცა ბაზა მზადდება იმისათვის, რომ გამოვაქვეყნოთ. ეს ეხება იმ გამოცდებს, რომლებშიც აბიტურიენტთა მცირე ნაწილი იღებდა მონაწილეობას, მაგალითად, ეს არის ფრანგული, გერმანული და რუსული, ინგლისური ენის გასწორება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და როგორც კი მზად იქნება, ბაზის გამზადების შემდეგ გამოვაქვენებთ შედეგებს“, – განაცხადა მიმინოშვილმა.
როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, ყველაზე ხანგრძლივმა ეროვნულმა გამოცდებმა, ხარვეზების გარეშე ჩაიარა. ის 3 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდა.
„წელს სულ რეგისტირებული იყო 41 ათასამდე აბიტურიენტი, თუმცა სასკოლო გამოცდებში ჩაჭრის გამო, 39 ათასი აბიტურიენტი საგამოცდო პროცესამდე მივიდა, თუმცა 39 ათასიდან 3% არ გამოცხადდა გამოცდაზე. ორშაბათიდან ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვადასხვა საგნის შედეგები“, – განაცხადა მიმინოშვილმა.
1tv.ge