ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორმა მარიამ ქორიძემ განაცხადა, რომ დაკავებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.
ბრალდებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ მოსამართლეს 20 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობითაც მიმართა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ქავთარაძე კანონის დარღვევით დააკავეს.
დაცვის მხარემ პროცესზე სასულიერო პირების დახასიათებები წარადგინა და დასძინა, რომ ისინი მზად არიან, თავდებში დაუდგნენ მამა სიმონ ქავთარაძეს.
ჯიტა გულუა გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ახალი დანაშაული ჩაიდინოს ან მიიმალოს.
ცნობისთვის, ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ ნარკოდანაშაულისთვის რომან მალანია დააკავეს, მალევე ამავე საქმეზე ზუგდიდის პოლიციას ბერი სიმონ ქავთარაძე ჩაბარდა. მალანიას სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და გირაოს გადახდის შემდეგ უნდა გათავისუფლდეს.