საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებიც განათლების სისტემაში უნდა გახორციელდეს. მმართველი გუნდის წევრმა 10 ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.
“მინდა, გაგიზიაროთ ჩემი ძირითადი პრიორიტეტები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი შვილების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
1. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კონფლიქტისა და დანაშაულის პრევენცია, რომელიც მოიცავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის იარაღის ხელმისაწვდომობაზე უკიდურეს შეზღუდვას. იარაღი სკოლაში, კოლეჯში თუ უნივერსიტეტში ვერ მოხვდება, თუკი არ არის ხელმისაწვდომი ახალგაზრდებისთვის და შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს კანონის აღსრულების მექანიზმები.
2. სკოლის კოლეჯის და უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიებზე მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს ვიდეო მონიტორინგი.
3. უსაფრთხოების კომპლექსურ თემას მოიცავს საგზაო უსაფრთხოების საკითხი და როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მივმართავ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, რომ შეხვდნენ სკოლის ხელმძღვანელებს, მშობლებს, პედაგოგებს და მოხდეს მაქსიმალურად გაძლიერება სკოლის მიმდებარე ტერიტორიების, გადასასვლელების, შუქნიშნების უსაფრთხოების ბარიერების მოწყობის თვალსაზრისით.
4. უაღრესად მნიშვნელოვანია სახელოსნო და სპორტულ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობა და მეტი ხელმისაწვდომობა. ამ კუთხით უწყებათაშორისი მუშაობა გაძლიერება.
5. ახალგაზრდების დანაშაულის პრევენცია პირდაპირ კავშირშია მაღალი რისკის ქცევის შემცირებასთან, რომელიც მოიცავს თამბაქოს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების რეგულარულ მოხმარებას, შესაბამისად, ჯანდაცვის სამსახურებთან თანამშრომლობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი.
6. არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კონფლიქტის პრევენციაში საკონსულტაციო და ფსიქოლოგიურ სამსახურებს. წარმოუდგენელია 2200-ზე მეტ სკოლაში, კოლეჯში და უნივერსიტეტში კვალიფიციური კადრის მობილიზაცია, მაგრამ არსებობს ალტერნატიული მეთოდები პედაგოგთა, ახალგაზრდების, მშობელთა ჩართულობის მიმართულებებით.
7. უაღრესად მნიშვნელოვანია, მშობლების ჩართულობა. არსებობს საბჭოები, თუმცა, ფორმალურად ხდება მშობელთა ჩართულობის დღევანდელი მექანიზმები და მინდა, ვთხოვო მშობლებს, რომ რეალურად ჩართულები იყვნენ. ვიყოთ კრიტიკულები, თუმცა ობიექტურნი და აქტიურები სასკოლო ცხოვრებაში _ ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის.
8. მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სახელწოდებით: “ესაუბრეთ ახალგაზრდებს, მოუსმინეთ ახალგაზრდებს”. მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი და კომიტეტის თავმჯდომარე, სიამოვნებით ვუერთდები ამ ინიციატივას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგებიც მშობლიურ სკოლებში და მაჟორიტარულ ოლქებში ვესტუმრებით სკოლებს, სადაც ამ თემაზე ვისაუბრებთ .
9. მანდატურის სამსახურების გაძლიერება რჩევა უაღრესად მნიშვნელოვანი.
10. ბოლოს მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ გვჭირდება რეგულარული მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაძლიერება სკოლების უსაფრთხოების თემატიკაზე, რომელიც სკოლის ადმინისტრაციის კოორდინაციით უნდა ხდებოდეს”, _ განაცხადა მარიამ ჯაშმა.