ლანჩხუთის სოფლების მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური პრობლემას წყლის მიწოდება წარმოადგენს. მართალია, რიგ სოფლებში წყლის სისტემის მოსაწყობად ასიათასობით ლარი დაიხარჯა, თუმცა პრობლემა მაინც არ მოგვარებულა და მოსახლეობას წყალი ისევ არ მიეწოდება. ასე მოხდა ჩოჩხათის თემის სოფელ გულიანსა და სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის ე.წ. უნაგირას უბნის შემთხვევაშიც. ამ სოფლებში წყლის მომარაგების სისტემის მოსაწყობად სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს განხორციელდა, მაგრამ მოსახლეობა ამ დრომდე მაინც წყლის გარეშეა დარჩენილი.
გასულ საკრებულოს სხდომაზე ამის თაობაზე გოჩა ჯანაშიამ, რომელიც საკრებულოში პარტია „ლელოს“ წარმოადგენს, განმარტებები ითხოვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან.
„მაინტერესებს, რა ბედი ეწია იმ ორ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ჩოჩხათის თემის სოფელ გულიანსა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე.წ. უნაგირას უბანზე მოსახლეობისთვის წყლის პრობლემის მოგვარებას. როგორც ჩემთვის ცნობილია, ორივე შემთხვევაში სამუშაოები შესრულდა, მოსახლეობამდე წყლის მილები მიყვანილია, მრიცხველებიც დადგმულია, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, არც ერთ შემთხვევაში, მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. როცა საუბარია 100 ათასობით ლარზე, რატომ ხდება, რომ ფული იხარჯება, შედეგი კი ნულია?“- კითხვით მიმართა „ლელოს“ წევრმა მუნიციპალიტეტის მერს.
ალექსანდრე სარიშვილის განმარტებით, პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ღონისძიებები ხორციელდება.
„სამწუხაროდ, ეს პრობლემა გვაქვს ამ ორ სოფელში, სადაც ვერ მოხერხდა ჭაბურღილებიდან წყლის ამოღება და ბუნებრივია, პროექტიც ჯერ კიდევ შეუსრულებელია, შესაბამისად თანხები არავისთვის არ გადაგვირიცხია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება შემსრულებელთან და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში დაიწყება პრობლემის მოსაგვარებლად რეალური სამუშაოები“, _ განმარტა მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა.
საგულისხმოა, რომ ზემონახსენებ პრობლემასთან დაკავშირებით საუბრები წინა მოწვევის საკრებულოშიც არაერთხელ იყო.
“214 ათასი ლარი გამოიყო წყლის სისტემის მოსაწყობად სოფელ გულიანში. მილები ტყუილადაა დაყრილი, სოფელს წყალი არ აქვს. სუფსში შესაბამისი პროექტი განხორციელდა და პრობლემაც უნდა მოგვარებულიყო, თუმცა მოსახლეოაბს წყალი მაინც არ მიეწოდება. რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?!” – ინტერესდებოდნენ წინა მოწვევის საკრებულოშიც და როგორც ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი მათ საპასუხოდ განმარტავდა, საქმეს, გულიანისა და სუფსის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები სწავლობდნენ.
„ყველაზე რთული საკითხი არის წყლის თემა, რომლის მშენებლობაც დამთავრდა 2020 წელს , მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა და ხუთ სოფელში უნდა მოგვარებულიყო ამ კუთხით პრობლემა, თუმცა აღმოჩნდა რომ სოფელ გულიანი და სუფსა წყლის გარეშე დარჩა. კომპანიას, რომელთანაც იყო გაფორმებული ხელშეკრულება, მივმართეთ, რომ წყალი ვერ მივიღეთ. მუნიციპალიტეტი იძულებული შეიქნა საკითხი შესასწავლად პროკურატურიაში გადაეგზავნა, ამ დღეებში ჩამოსული იყვნენ შესაბამისი საგამოძიებო უწყებიდან და მიდის საკითხის დეტალური შესწავლა“ – ასე განმარტავდა ლანჩხუთის მერი იქ არსებულ სიტუაციას დაახლოებით ერთი წლის წინ საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე.