ეს საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ოზურგეთელებისთვის, რადგან დარბაზი სრულად შეივსო და ღონისძიება 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
შეხვედრის ორგანიზატორის, თამარ კუპრაძის თქმით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შრომის კანონში არსებული ნორმების, ხარვეზების, პრაქტიკის და ახალი ინიციატივების განხილვა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“- ს ანალიტიკოსმა გიგი ჩიხლაძემ და საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, ნუგზარ ჭინჭარაულმა.
შეხვედრაზე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, შრომის კოდექსში დასაქმებულთა ინტერესებს გაითვალისწინებენ და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანას გამართული შრომის კოდექსი ექნება.
_ ბიზნესმენი ფადი ასლი ამბობდა, რომ ლიბერალური უნდა იყოს შრომის კოდექსი, მე უნდა შემეძლოს ადვილად დავშორდე დასაქმებულ ადამიანებს, ცოლთან დაშორება თუ შეიძლება, რატომ ვერ უნდა დავშორდე დასაქმებულ ადამიანსო… თუ ვინმემ იცის ამ კაცის ისტორია, ისიც ეცოდინება, როგორ შორდება ცოლს. ჯერ ერთი, დასაქმებული ადამიანის გაიგივება ცოლთან, არ ვიცი რამდენად ლოგიკურია. ეს მის კულტურას და ზრდილობას მივანდოთ, მაგრამ ის როგორ შორდება ცოლს, უკვე ნახა მთელმა საქართველომ და ნამდვილად არ მინდა, ასე შორდებოდეს დასაქმებულ ადამიანს დამსაქმებელი საქართველოში. ჩვენი აზრია და ფაქტია, რომ თუ ბიზნესი არ განიხილავს დასაქმებულ ადამიანს, როგორც ბიზნესის ნაწილს და უბრალოდ ჰგონია, რომ ეს არის რობოტი ადამიანის ტიპი, რასაც შეუკვეთავს იმ დეტალს გაგიკეთებს და არც ხელფასს მოგთხოვს, არც სამსახურის უსაფრთხოებას დაიცავს და ასე შემდეგ, ეს ძალიან ცუდია,_ განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
გიგი ჩიხლაძის თქმით, წინა შრომის კოდექსი რეალურად იყო აბსოლუტურად დაუბალანსებელი, დამსაქმებელზე მორგებული, რომელსაც ეძახდნენ რატომღაც ლიბერალურ შრომის კოდექსს, რაც ცოტა არ იყოს, ცინიკური იყო ამ შემთხვევაში. ლიბერალურს ნამდვილად არ ნიშნავს, რასაც ის წარმოადგენდა. ამიტომ მისი შეცვლის საკითხი, ძალიან დიდი ხანია, დგას.
_ ყველა ველოდებოდით, ეს შეცვლა როგორ მოხდებოდა და შეიცვლებოდა თუ არა ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც პირველ რიგში, პირდაპირ ეხება ყველა დასაქმებულს, _ თქვა შეხვედრაზე გიგი ჩიხლაძემ.
2006 წლიდან საქართველოში შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება მოქმედი შრომის კოდექსით მიმდინარეობს, ხოლო მასში გაუთვალისწინებელი ურთიერთობის რეგულირება სამოქალაქო კოდექსის ნორმებით ხორციელდება.
საქართველოს შრომის კოდექსში არსებულმა ხარვეზებმა განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი არჩევნების შემდეგ. როდესაც ნებაყოფლობით თუ კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველზე გახშირდა დასაქმებულთა გათავისუფლება საჯარო და კერძო სტრუქტურებიდან.
2012 წლის 22 ნოემბერში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რის საფუძველზეც დადგინდა ახალი რეგულაციები, ახალი დებულებები და ნორმები.